ყვარელში, ,,ილიაობასთან” დაკავშირებული ღონისძიებების ნაწილი გაუქმდა
ყვარლის მუნიციპალიტეტში, დღეს, ,,ილიაობის” დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებების ნაწილი გაუქმდა.
ინფორმაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
,,მერია მწუხარებას გამოთქვამს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე. მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ 8 ნოემბერს, ყვარელში ილიაობისთვის დაგეგმილი ღონისძიებებიდან გაიმართება: 12:00 საათზე ილია ჭავჭავაძის ბარელიეფის ყვავილებით შემკობა; ასევე 13:00 საათზე წმინდა ილია მართლის პარაკლისი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში. პროგრამით გათვალისწინებული ყველა სხვა ღონისძიება გაუქმებულია”,- წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი იყო „ილიას გორის“ განახლებული სკვერის გახსნა, კახური მასტერკლასები, მუსიკალური და ცეკვის ნომრები ადგილობრივი შემსრულებლებისგან, ადგილობრივი მხატვრების გამოფენა; ინფრასტრუქტურული პროექტების გამოფენა; საბავშვო, ახალგაზრდული და სამეწარმეო სივრცის მოწყობა, ასევე ღვინის, საკვები პროდუქციის, ხელნაკეთი ნივთების, აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა; კულინარიული სივრცეები ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულებისგან და კონცერტი.