პრეზიდენტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს
ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტი მომხდარს „ქართულ სახელმწიფოებრიობაზე უხეშ თავდასხმად“ აფასებს.
სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები.
„ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს “ერთმორწმუნე ძმის” ნამდვილ სახეს.
სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.
სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
“2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.
მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.