სოფელ ვაჩნაძიანის სამსართულიანი კოშკი- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
გურჯაანის მუნიციპალიტეტში დღესაც შემორჩენილია ბევრი ისტორიული ძეგლი, რომელიც უამრავ წელს ითვლის.
ასეთია სოფელ ვაჩნაძიანის სამსართულიანი კოშკი, რომელიც დღემდეა შემორჩენილი და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ისტორიკოს თამაზ მარკოზაშვილის თქმით, არქიტექტურული ძეგლი განეკუთვნება მე- XVIII საუკუნეს.
ვაჩნაძიანი (ყოფილი შრომა) — მდებარეობს გურჯაანი-თელავის საავტომობილო გზაზ. სოფლიდან 9 კილომეტრზე არის ყველაწმინდის სამონასტრო კომპლექსი. სოფელში ასევე არის ამიდასტურის წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის ეზოშიც არქეოლოგებმა გათხარეს აქამდე უცნობი სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესია, რომელიც მთლიანად მიწით იყო დაფარული. არქეოლოგების თქმით, ძეგლი VII–XIII საუკუნით თარიღდება.
XX საუკუნის 20-იან წლებში სოფელს შრომა დაარქვეს. 1990 წელს, სოფლის მცხოვრებთა სურვილით მას ძველი სახელი — ვაჩნაძიანი დაუბრუნდა. ტოპონიმი მომდინარეობს ვაჩნაძეების გვარიდან. ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები თავიანთ ნაშრომებში სოფელ ვაჩნაძიანს არ მოიხსენიებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ცალკე სოფელი არ იყო. იოანე ბატონიშვილის ნაშრომსა და სხვა სიგელ-გუჯარებში ნახსენებია ვაჩნაძიანნი, სავაჩნაძო, მაგრამ ეს არ არის რომელიმე დასახლებული პუნქტის სახელწოდება. ეს ვაჩნაძეების საგვარეულო ადგილ-მამულების საერთო დასახლებაა.
ვაჩნაძიანი სოფელ კალაურის უბანი იყო. ჯარისათვის მაჭრის შეგროვების შესახებ, ერეკლე მეფის 1787 წლის ბრძანებაში ნათქვამია: „კალაურის სახასო საპანე ორი და ნახევარი, სავაჩნაძომ ერთობით სამი საპანე“ უნდა გამოიღონ. აქ სავაჩნაძო ტერიტორიული ერთეულია. ვაჩნაძიანი ცალკე სოფლად XlX საუკუნის ll ნახევარში შედგენილ საკომლო დავთრებში დასტურდება. სოფელში ყმა-მამულებს გარდა ვაჩნაძეებისა ჯანდიერები, ჭავჭავაძეები, ჯორჯაძეები და ანდრონიკაშვილები ფლობდნენ. სოფლის სამხრეთით, ბოსტნისხევის (მღვრიეხევის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე ნასოფლარი განგიურია, მარცხენა ნაპირზე — ნასოფლარი ბადიური.
ფოტო: თამაზ მარკოზაშვილი