სოფელ კისისხევთან მდებარე სამონასტრო კომპლექსის კვლევითი სამუშაოები დასრულდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევთან მდებარე წმ. კოზმა და დამიანეს სახელობის სამონასტრო კომპლექსის კვლევითი სამუშაოები დასრულდა.
კვლევის შედეგები დამსწრე საზოგადოებას თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა, ლიკა ალადაშვილმა და ექსპედიციის ხელმძღვანელმა, გიორგი ლაღიაშვილმა კისისხევში, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე წარუდგინეს.
ღონისძიების მონაწილეებმა მოინახულეს კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა- სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც ცნობილია ,,კონდამიანის,, სახელწოდებით.
პროექტის ფარგლებში მოხდა გამოქვაბულთა კომპლექსის ფიქსაცია, რაც გულისხმობს აეროფოტო და ტოპოგრაფიულ გადაღებებს, წერილობით, გრაფიკულ და გეოგრაფიულ (ჯპს კოორდინატებით) ფიქსაციას. გარდა უშუალოდ გამოქვაბულებისა, იგივე მეთოდიკით დაფიქსირდა მთლიანად სამონასტრო კომპლექსი, რის შედეგადაც მომზადდა წმ. კოზმა და დამიანეს სახელობის სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური რუკა.
მოხდა სამონასტრო კომპლექსის შესახებ არსებული ბიბლიოგრაფიული მონაცემებისა და წერილობითი წყაროების/საარქივო მასალების მოძიება, დამუშავება და ანალიზი. აღნიშნულ კომპლექსურ სამუშაოებზე დაყრდნობით მომზადდა ფუნდამენტური კვლევა, რომელსაც გარდა სამეცნიერო დატვირთვისა, პრაქტიკული ფუნქციაც აქვს ტურიზმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ნაშრომის ბეჭდური ვერსიის გამოცემა.