საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროკომისიის პრეზიდენტს კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართავენ
საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების შესახებ ევროპული კომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ.
განაცხადების თანახმად, იმის მიუხედავად, რომ ფუნდამენტური რეფორმები კვლავ განსახორციელებელია და საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირთან არასაკმარისად რჩება, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი – განსაკუთრებით გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების და ქვეყანაში რუსული გავლენების ფონზე – უნდა მიენიჭოს.
ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები აღნიშნავენ იმასაც, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებას თან უნდა ახლდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოება და ძირეული რეფორმები, რაც აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიის, უსაფრთხოების და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის.
„ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის ცივილიზაციური და ისტორიული არჩევანია. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (90% საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად) მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რათა საქართველომ მიაღწიოს დემოკრატიულ განვითარებას და კეთილდღეობას – სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში. ისტორიულად, ისევე როგორც თანამედროვე დროს ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა ურყევი ერთგულება ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების.
მას შემდეგ რაც ხელი მოეწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას 2009 წელს, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის მარტში იყო დასტური ევროკავშირში ჩვენი ისტორიული საგარეო კურსის.
2022 წლის ივნისში, მაშინ, როდესაც ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას გადასცა კანდიდატის სტატუსი, საქართველო გარკვეულწილად ასოცირებული ტრიოს მიღმა დარჩა, რადგან კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება გადავადდა, მიუხედავად მრავალი წლის მანძილზე მოწინავე პოზიციებისა.
მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება კვლავ წინაა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირთან არასაკმარისად რჩება, ჩვენ, პარლამენტის წევრ ქალ დეპუტატებს საპარლამენტო ოპოზიციიდან გვჯერა, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების და ქვეყანაში რუსული გავლენების ფონზე.
იმავდროულად, ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირის ოფიციალურ გადაწყვეტილებას თან უნდა ახლდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოება და ძირეული რეფორმები, რაც აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიის, უსაფრთხოების და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის.
კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აქვე მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილებამ უნდა წარმოადგინოს ნათელი ჩარჩო ქვეყნისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ევროკავშირში წარმატებით გაწევრიანების გზაზე. ეს წაახალისებს რეფორმების მხარდამჭერ აქტორებს ქვეყნის შიგნით და საქართველოს ევროკავშირში წევრობის ინსტიტუციონალიზაციის შესაძლებლობებს გაზრდის.
ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები მადლობას გიხდით ევროკავშირში თქვენი ლიდერობისთვის, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების ურყევი მხარდაჭერისთვის ევროპისა და რეგიონისთვის ამ კრიტიკულ დროს.
გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოება ლისაბონიდან თბილისამდე მოიტანს გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობას ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ხალხისთვის“, – ნათქვამია ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვაში.
განცხადებას ხელს აწერენ: თეონა აქუბარდია, თინა ბოკუჩავა, ანა ბუჩუკური, თამარ ჩარკვიანი, ნატო ჩხეიძე, ხატია დეკანოიძე, ეკა ხერხეულიძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ანა წითლიძე, ქეთევან თურაზაშვილი.