სოფელ წინანდალში მოქმედი კომპანიის „ჩურჩხელა ბოქსი“ მალე საზღვარგარეთ გაიყიდება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოქმედი კომპანიის „ჩურჩხელა ბოქსი“ მალე საზღვარგარეთ გაიყიდება. პროდუქტი ესპანეთის და ამერიკის ბაზრებზე გამოჩნდება.
ჩურჩხელა ბოქსში, 5 ჩურჩხელის ამოსავლებად საჭირო ყველა ინგრედიენტია ზუსტი პროპორციით მოთავსებული: ბადაგი, ფქვილი, ძაფზე ასხმული ნიგოზი, თხილი, ჩირი, ხის კოვზი, თაროს საკიდი ამოვლებული ჩურჩხელის ჩამოსაკიდად, რეცეპტი კი ქართულ, ინგლისურ და ბრაილის შრიფტზე არის დაწერილი. ბოქსში არის, ასევე მზა ჩურჩხელაც თვალსაჩინოებისთვის.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ია იმერლიშვილი აცხადებს, ყველა პროდუქტი, რომელიც ბოქსების დასამზადებლად გამოიყენება, მათ მიერ, წინანდლის მიკროზონაში მოყვანილი ყურძნისგან მზადდება. „ჩურჩხელა ბოქსის“ ღირებულება 55 ლარია. ია იმერლიშვილის აზრით, ბოქსის ღირებულება დიდი ფასნამატით არ გაიყიდება არც საზღვარგარეთ, რადგან მისი მიზანია პროდუქტი ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს.
,,ბოქსში არის ჩურჩხელის გასაკეთებელი მასალა, მაგრამ ასევე არის ჩურჩხელაც, რომ გასინჯოს მომხმარებელმა და ნახოს როგორ უნდა გამოიყურებოდეს. იდეა კი ამ ბოქსის თავიდანვე იყო ის, რომ მოხდეს მისი ამოვლება. ჩვენი ჩანაფიქრი თავიდანვე იყო ის რომ „ჩურჩხელა ბოქსი“ განკუთვნილი ყოფილიყო არამატო ადგილობრივი ტურისტებისთვის, ის ასევე შეიძლება საინტერესო ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი ემიგრანტებისთვის, უცხო ქვეყნის დიპლომატებისთვის და ა.შ.
პირველი შემოთავაზება რაც მივიღეთ, არის ამ ბოქსების გატანა ესპანეთში, ეს იქნება ემიგრანტებისთვის განკუთვნილი. ამ დროისთვის ვმუშაობთ, ბოლო დეტალებს ვაზუსტებთ და იგეგმება უკვე პირველი გასვლა ნოემბრის დასაწყისში. საერთო ჯამში, ვფიქრობთ, რომ ჩვენ შევძლებთ გავიტანოთ სარეალიზაციოდ ბოქსების წარმოების 10%. მომავალში იმედი გვაქვს, რომ ეს რიცხვი გაიზრდება”,- განუცხადა Knews.ge-ს ია იმერლიშვილმა.
ია განმარტავს, რომ სტარტაპი ტრადიციული პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა ის მომხმარებლებს ჩურჩხელის ამოსავლებად გამზადებულ ყველა საჭირო ინგრედიენტს ერთ ყუთში სთავაზობს. ია ამბობს, რომ ჩურჩხელა საკმაოდ პოპულარული, გემრიელი პროდუქტია და მისი ამოვლება ერთგვარი ტრადიციაა საქართველოში. სწორედ ამ ტრადიციის გაცნობას ისახავს მიზნად მის მიერ გასულ წელს მცირე შემოსავლებით დაწყებული ბიზნესი.
,,წლებია მეღვინეობის მიმართულებით ვსაქმიანობ, ასევე მაქვს ვენახები და გასულ წელს დავიწყე ბადაგის დაყენება და ჩურჩხელების ამოვლება. ეს იყო მცირე რაოდენობით ოჯახისთვის და მეგობრებისთვის. გარდა ამისა, გასული ზაფხულიდან უკვე მსურველებს ვთავაზობ ჩემთან მარანში, ღვინის დეგუსტაციასთან და სხვა კულინარიულ მასტერკლასებთან ერთად, თათარაობას. დამებადა იდეა, რომელიც გულისხმობდა ჩურჩხელის ამოსავლები ყველა ინგრედიენტის ერთად მოთავსებას ყუთში.
როცა მიწევდა არა მარტო კახეთში, არამედ თბილისშიც ბავშვებისთვის ჩურჩხელის მომზადება, აღმოჩნდა, რომ საკმაოდ რთული შესაკრები იყო პროდუქტები.
ჩურჩხელას ყველა აკეთებს, მაგრამ კახური ჩურჩხელა სულ სხვანაირია. საქმის დაწყებამდე ვფიქრობდი დიდხანს. 2021 წლის დეკემბერში ვთქვი, რომ აუცილებლად უნდა განმეხორციელებინა ეს იდეა. გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რისი რესურსიც მქონდა. ბადაგი მქონდა და ასხმული მზა ჩურჩხელები ნიგვზის. ასევე შევიძინე ფქვილი, ხის კოვზი, ამოვბეჭდე მომზადების რეცეპტი ქართულ და ინგლისურ ენაზე, მოვათავსე ყუთში ჩემს ღვინოსთან ერთად და გავიტანე გამოფენაზე თბილისში. მაშინ პირველად გავაცანი მომხმარებელს პროდუქტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩურჩხელის ცნობადობა ქვეყნის გარეთაც მაღალია, ,,შექმენი შენით’’ კონცეფცია დიდ ახსნას მოითხოვდა და ეს ადრევე გვქონდა გათვლილი. ჩვენ გვინდოდა მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა სამიზნე ჯგუფისთვის, ვიდრე ჩურჩხლის გაკეთებაა. ამან დიდი ინტერესი გამოიწვია,’’– განუცხადა knews.ge-ს ია იმერლიშვილმა.
ია ამბობს, რომ სტარტაპი სიახლეა ქართული ბაზრისთვის და სწორედ ამიტომ ის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ვიზიტორებში. მისი თქმით, პირველად რამდენიმე ათეული ბოქსი დაამზადა, ინტერესის და მოთხოვნის გაჩენის შემდეგ კი საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და წარმოების გაფართოვება შეძლო.
,,აღსანიშნავია, რომ მე ასეთი სახის პროდუქტი აქამდე ბაზარზე არ შემხვედრია. ,,შექმენი შენით’’ კონცეფციის პროდუქტები იყიდება ძალიან ბევრი ქვეყნის ბაზარზე. სხვა ქვეყნებში ამ კონცეფციით ასე ამზადებენ ტრადიციულ კერძებს. ამიტომ ვთქვი, კარგი იქნებოდა თუ ამას ჩურჩხელის შემთხვევაში გავაკეთებდი. ეს მარტო ჩურჩხელის ამოვლება არ არის, ეს არის ე.წ. რიტუალი, რომელიც ყველასთვის დასამახსოვრებელია და სასიამოვნო. ამ ბოქსებით ამიტომ გვინდა ყველამ თავის გარემოში იგრძნობს ეს.’’
ამ დროისთვის ,,Churchkhela DIYbox”-ის ინტერნეტის საშუალებით იყიდება, თუმცა, როგორც მეწარმე ამბობს, მოთხოვნა მის აგროტურისტულ ცენტრში, ადგილზეც არის. გარდა ამისა, მეწარმე აგროტურისტული მიმართულებითაც აქტიურად საქმიანობს, წინანდლის მიკროზონაში ფლობს ვენახებს, ამუშავებს აგროტურისტულ ცენტრს და საოჯახო სასტუმროს გურჯაანში და ტურისტებს სხვადასხვა სახის მომსახურებას და კულინარტიულ მასტერკლასებს სთავაზობს.
,,ყველა ინგრედიენტები, რასაც ბოქსის დასამზადებლად ვიყენებთ, არის და იქნება ქართული და ნატურალური. გარდა ამისა, მაქვს მცირე საოჯახო სასტუმრო 12 განთავსების ადგილით. მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ ხინკლის, მწვადის მასტერკლასებს, ჭაჭის გამოხდას, პურის გამოცხობას და ამას დაემატება ჩურჩხელის ამოვლება და კერამიკაზე მუშაობა. ასევე, ვეგეტარიელებისთვის გვექნება ცალკე მასტერკლასები.
აღსანიშნავია, რომ ვენახები მაქვს წინანდლის მიკროზონაში, ვაწარმოებ 4 სახეობის ყურძენს, მაქვს მარანი და აგროსტურისტული ცენტრი სოფელ გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმთან ახლოს. გარდა ღამისთევისა, ტურისტებისთვის გვაქვს სხვადასხვა შეთავაზებები.”