ახალი ამბები

თელავში ჭაჭის ფესტივალი გაიმართება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თელავში ფესტივალის “ჭაჭის“ ჩატარებას წელსაც გეგმავს.

ადმინისტრაცია ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებაზე გამარტივებული შესყიდვით შეძენას აპირებს. შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში წერია, რომ ტენდერის ასეთი გზით ჩატარების მიზეზი ფესტივალამდე დარჩენილი მცირე დროა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ღონისძიების თარიღამდე დარჩენილია მცირე დრო, შეუძლებელია სატენდერო პროცედურის დაცვით აღნიშნული მომსახურების შესყიდვა, შესაბამისად მიზანშეწონილია ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეიძენოს“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, „ფესტივალის „ჭაჭა“ ფარგლებში კახეთის რვა მუნიციპალიტეტის მიერ გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენები, რომელიც გააცოცხლებს კახეთის რეგიონის ისტორიას, ეთნოგრაფიასა და ტრადიციებს; გამოიფინება კახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელი ეპოქალური ნივთები, კოსტიუმები, ინვენტარი, ჭურჭელი და რეკვიზიტი.

გაიმართება თეატრალიზებული კახური „ზაოდობა” – ჭაჭის გამოხდის პროცესი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება თითოეულ სტუმარს სურვილისამებრ. აქვე წარმოდგენილი იქნება კახური ბაზარი, ტრადიციული კახური სამზარეულოთი, თათარას მომზადებით, ჩურჩხელის ამოვლება-დეგუსტაციით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისათვის, თელავში ფესტივალი „ჭაჭა“ 2018 წლიდან, ნოემბრის დასაწყისში იმართება. ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურის პალატა და ტურიზმის განვითარების ასოციაცია.