ვის შეეხება სახელმწიფო მიწის უკანონო მითვისებაზე ამნისტია
მთავრობა უკანონოდ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მფლობელებისთვის ამნისტიის გამოცხადებას გეგმავს. ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია და მისი განხილვა საპარლამენტო კომიტეტებზე მიმდინარეობს.
ვის და როგორ შეეხებათ ამნისტია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში კომპანია OK&CG დამფუძნებელი, ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი საუბრობს.
„ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიწის საკითხში უამრავი პრობლემა დაგროვდა. ერთის მხრივ, სახელმწიფო მუდმივად ცდილობს, რომ ასახოს და დაარეგისტრიროს ყველა დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი. მეორეს მხრივ კი, ეს პროცესი რაც უფრო ღრმა ფაზაში შედის, მით უფრო მეტი პრობლემა ხდება ცხადი.
სახელმწიფომ აღმოაჩინა უამრავი შემთხვევა, რომელიც ჩაითვალა, რომ არ იყო კანონიერად რეგისტრირებული. არის ე.წ. მამა-პაპისეული განწყობები, როცა ეგონათ, რომ მიწა მათი იყო, რადგან მათი წინაპრები ამუშავებდნენ, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო დოკუმენტირებული. შედეგად დაგროვდა ბევრი სისხლის სამართლის საქმე. ზოგ შემთხვევაში, პროცესი მიმდინარეა, ზოგ შემთხვევაში განაჩენი დამდგარია და ბევრი ადამიანი ამის გამო საპატიმროშიცაა, ან იხდის ჯარიმას.
აქვე, დგას მესამე კომპონენტი, მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დასაკუთრებული ქონების უკან დაბრუნება. ინიციატივა, რომელიც დაახლოებით 3 კვირის წინ გაჟღერდა, ეხება სამივე კომპონენტის დარეგულირებას, თუმცა როგორი იქნება საბოლოო სახე, ამას საპარლამენტო განხილვების შემდეგ გავიგებთ. თავად ინიციატივა კი, შეიცავს შემდეგ რამეს – ქონება, რომელსაც სახელმწიფო ჩათვლის, რომ უკანონოდაა დაკანონებული და მას ამჟამინდელი მფლობელი მიატოვებს სახელმწიფოს სასარგებლოდ, მასზე გავრცელდება ეს ამნისტია. ასევე, ამნისტია გავრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლების მიწის შემთხვევაშიც მიტოვების შეუძლებლობა დგას. მათ, უნდა აანაზღაურონ დღეს არსებული საბაზრო ღირებულებით სახელმწიფოს სასარგებლოდ” – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
ცნობისთვის, ამნისტიის პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დანაშაულებრივი გზით მოიპოვეს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ამნისტია შეეხება პირს, ვინც მითვისებულ მიწის ნაკვეთს სახელმწიფოს დაუბრუნებს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიწის ღირებულებას გადაიხდის.