ახალი ამბები

რა ეტაპზეა სოფელ აფენში ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

რეკრეაციული სივრცე, სოფელ აფენში, საჭიდაო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა. პარკი შემოიღობება ახალი დეკორატიული ლითონის ღობით; მოეწყობა საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონებით, დაიდგმება და დამონტაჟდება სკამები და გარე განათება; მოეწყობა დეკორატიული ბილიკები, სპორტული ღია ფიტნეს ტრენაჟორები, სკეიტპარკის და მაგიდის ჩოგბურთის სივრცეები, დასასვენებელი ფანჩატურები. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საჭიდაო მოედნის სრული რეაბილიტაცია.

„აფენის ცენტრალური პარკი, ერთ-ერთი სასიამოვნო, მწვანე რეკრეაციული სივრცე იქნება, სადაც სიამოვნებით დაისვენებს როგორც ადგილობრივი, ასევე ჩამოსული სტუმარი. პროექტი დაიგეგმა, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება, ჯამში 503 823 ლარს შეადგენს“,- განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.