ახალი ამბები

პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა 2 კვირის ვადაში უნდა განიხილოს

საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, პარლამენტი სასამართლოს დასკვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხს.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეს პლენარული სხდომა შეიძლება დახურულად გამოცხადდეს. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე რეგლამენტი შემდეგ წესსა და პროცედურას ადგენს: –

თანამდებობის პირის ქმედებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 საათისა, აღნიშნული ფაქტი ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს, თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის ინიციატორებს, ფრაქციებსა და უფრაქციო პარლამენტის წევრებს.

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა და სასამართლოს დასკვნის მიღების დროს პარლამენტის მორიგი ან რიგგარეშე სესია მიმდინარეობს, დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს მე-5 კალენდარული დღისა პარლამენტი იღებს დადგენილებას დასკვნის განხილვისა და კენჭისყრის გრაფიკის თაობაზე. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტის მორიგი ან რიგგარეშე სესია არ მიმდინარეობს, დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნას წარუდგენს.

პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრა ფარულია.

ამასთან, თუ პარლამენტმა რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში კენჭი არ უყარა თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს ან ამ გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის წევრთა შესაბამისმა რაოდენობამ არ დაუჭირა, საკითხი მოხსნილად ჩაითვლება და აღნიშნული თანამდებობის პირისთვის იმავე ბრალდების წარდგენა დაუშვებელია.