ახალი ამბები

სოფელ კარდენახში მოქმედი ,,ავთანდილის მეღვინეობა” 2024 წლიდან პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მოქმედი “ავთანდილის მეღვინეობა” 2024 წლის გაზაფხულზე ღვინის იტალიაში ექსპორტს გეგმავს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ორი სახეობის ღვინო, “წარაფი” და “გვიანი მოსავალი” იტალიის ღვინის მაღაზიებსა და ქსელურ მარკეტებში გაიყიდება. კომპანია წელიწადში 3000-4000 ბოთლს აწარმოებს, რაც დაახლოებით 10-15 ტონა ყურძენის გადამუშავებას გულისხმობს.

იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიამ ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებაც შეძლოს, საწყის ეტაპზე, ექსპორტზე წარმოებული პროდუქციის მხოლოდ 20%-ი გავა.

,,მოლაპარაკებები მიმდინარეობს გერმანიასთანაც, სადაც სატესტო ნიმუშები უკვე გაგზავნილია. ირომაშვილის ვარაუდით, ოქტომბრის ბოლოს პასუხი ცნობილი იქნება. ამ ეტაპზე 5 სახის ღვინოს ვაწარმოებთ. ესენია, “წარაფი”, “ქვევრის რქაწითელი”, “საფერავი”, “ქვევრის ალადასტური”, “ალადასტური ნახევრად მშრალი როზე” და “გვიანი მოსავალი”, რომელიც ბუნებრივად მაღალალკოჰოლური ტკბილი სასმელია,”-აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ქსელური მაღაზიების საშუალებით ახდენს, თუმცა, სამომავლოდ, საკუთარი ღვინის ბარის გახსნას გეგმავს, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ იდეაა.

ცნობისათვის, “ავთანდილის მეღვინეობა” ბრენდად 2021 წელს იქცა. მეურნეობას ორ მიკროზონა და ერთი ადგილწარმოშობა აქვს, რაც საერთო ჯამში 3 ადგილწარმოშობის ღვინის წარმოებას გულისხმობს. ესენია, “ახოები”, “საფერავი წარაფი” და “კარდანახი”, რომელიც სოფელ კარდანახშია გაშენებული.