ღვინის ეროვნული სააგენტო- ვენახების კადასტრის პროექტი წელს დასრულდება
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვენახების კადასტრის/პასპორტიზაციის პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.
სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ამ დროისთვის მთლიანად აღწერილია აღმოსავლეთ საქართველოს ვენახები, წლის ბოლომდე კი ქვეყნის მასშტაბით ყველა ვაზის მიკვლევადობა გახდება შესაძლებელი.
აღსანიშნია, რომ კადასტრის პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს. პროგრამა უკვე დასრულდა კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. აღნიშნულ რეგიონებში სულ აღწერილია 45 321 ჰა ფართობის ვენახები.
„ვენახების კადასტრის პროექტი წელს დასრულდება. ეს არის ვენახების სრული აღწერა და პასპორტიზაცია.
ვენახების კადასტრი არის ცოცხალი ორგანიზმი, შესაბამისად ყოველი ცვლილება, რომელიც განხორციელდება წლის განმავლობაში, მაგალითად ვენახი შეიცვლის მფლობელს, ან ჩანაცვლდება ჯიშები, ჩანაცვლდება ვაზები, დაემატება/გამოაკლდება ვენახი, ყველა ეს ცვლილება უნდა იყოს აღწერილი და დოკუმენტირებული ამ კადასტრში.
საქართველოს მასშტაბით ჩვენ გვაქვს დაზუსტებული მონაცემები მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოს შესახებ, დანარჩენი ფართობებზე წელს უკვე მოხდა გადაღება, აღწერა და წელს, წლის ბოლოსკენ გვეცოდინება უკვე მთლიანად საქართველოს სურათი“- აცხადებს ლევან მეხუზლა.
ინფორმაცია ვენახებისა და მევენახეების შესახებ შეიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ. ინფორმაციის შეკრება ხდება საველე პირობებში, მევენახეების გამოკითხვით და აერო-ფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით.