ახალი ამბები

რას მოიცავს განათლების მინისტრის მიერ წარდგენილი პროფესიული განათლების ახალი ხედვა

განათლების და მეცნიერების სამინისტრო ბიზნესს პროფესიულ განათლებაში ინვესტირების მოწოდებით მიმართავს.

განცხადება მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე გააკეთა. მინისტრის თქმით, პროფესიული განათლების განვითარების და ბიზნესის დაინტერესების მიმართულებით, დღეიდან, განათლების სამინისტროს კარი ბიზნესისთვის ღიაა და ნებისმიერ მსურველს მიიღებენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის, პროფესიული განათლების საპასუხოდ, ჩვენ დავამუშავეთ ყველაზე კარგი, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული საჯარო შეთავაზება, ნამდვილი საჯარო კერძო პარტნიორობა, რომელიც ახლა გვინდა წარმოგიდგინოთ. ბოლო წლებში პროფესიული მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ 6 ძირითადი მიმართულება უნდა იყოს იმ ძირითადი გზის გაჭრა, იმ პრობლემების სწრაფად გადაჭრის ხერხი, რომელიც დღეს დაგროვილი გვაქვს.

ვაცხადებთ საჯარო შეთავაზებას ბიზნესისთვის. ბოლო წლებში 200 მილიონი ლარი დავხარჯეთ კოლეჯების განვითარებისთვის, მათ შორის სხვადასხვა გადამზადების პროგრამებში დავეხმარებით. შეუძლებელია შედეგებზე გასვლა, თუ კიდევ უფრო ახლოს არ ჩავრთავთ ბიზნესს, კერძო სექტორს და სახელმწიფო იქნება მხოლოდ ტექნიკური შემსრულებელი. 15 ნოემბრიდან ბიზნესის წარმომადგენლებს შეეძლებათ მომართონ სამინისტროს. მთავარი, რაც უნდა დაგვისაბუთოს დაინტერესებულმა პირმა, თუ როგორ შეძლებთ ადამიანების გადამზადებას და შემდეგ დასაქმებას.

ჩვენ მზად ვართ, გარდა ტექნიკური მხარდაჭერისა, გავხდეთ ამ პროცესის ინვესტორებიც. ეს შეიძლება იყოს ახალი კოლეჯის დაფუძნება, ან არსებულის მართვაში გადაცემა, საწარმოებში მინი ტრენინგის მოდელის შექმნა და ა.შ.“, – განაცხადა ამილახვარმა და ბიზნესმენებს აქტიურობისკენ მოუწოდა.