ახალი ამბები

გაიცანით 96 წლის ფოტოგრაფი სოფელ ლელიანიდან

96 წლის ფოტოგრაფი მიხეილ ყიფშიძე სოფელ  ლელიანში ცხოვრობს.  საბჭოთა კავშირის დროს, სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, პნევმონიით დაავადდა, ფერდში წყალი ჩაუდგა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო  მსუბუქი ხელობის შესწავლა გადაწყვიტა.

მისი თქმით, სწორედ ასე აღმოჩნდა ფოტოგრაფიის პროფესიულ კურსზე, სადაც სხვადასხვა სახის ფოტოაპარატთან მუშაობის, გადაღების, ფოტოების გამჟღავნებისა და ეფექტური გამოსახულების მიღების ტექნიკებს დაეუფლა. სწავლის დამთავრების შემდეგ ლელიანში, პაპისეულ სახლში, საკუთარი ფოტო-სახელოსნო გახსნა და 50 წლის განმავლობაში სოციალური ფოტოგრაფიის მიმართულებით იმუშავა.

ის იხსენებს, რომ იღებდა ბავშვებს, მასწავლებლებს, სათემო ღონისძიებებს, პორტრეტებს, დანაშაულებრივ ფაქტებს, დამნაშავეებსაც კი, რის გამოც დიდი გამოცდილება დააგროვა კრიმინალისტიკურ ფოტოგრაფიაში.

,,ნამეტანი ხათრიანი ვიყავი ბიჭობისას და ფოტოგრაფიამ ისეთი კომუნიკაბელური გამხადა, რომ პროფესიონალიზმთან ერთად, ადამიანებს ჩემთან ურთიერთობაც ახალისებდათო. ამ ხნობამდე ისე მოვაღწიე, მომდურავი არავინ დამრჩენია”,- აცხადებს მიხეილი.

მიხეილ ყიფშიძე 9 სულიან ოჯახში გაიზარდა. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, როგორც თავად ამბობს, საკუთარი საქმიანობით იმდენს მიაღწია, რომ ცხოვრებით კმაყოფილია.

წყარო: ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი