წელს საქართველოში კოსმეტიკის მარეგულირებელი წესები ამოქმედდება
დღეისათვის ქვეყანას არ გააჩნია კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ასახულია ევროკომისიის სამუშაო ჯგუფის საქართველოს 2023 წლის ანგარიშშიც.
„კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის რეგულაციასთან, რომელიც კანონის პროექტისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების პროცესში სახელმძღვანელოდ იქნა გამოყენებული.
„ტექნიკური რეგლამენტი – კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ” ადგენს ბაზარზე კოსმეტიკური პროდუქციის განთავსების წესებსა და ნორმებს, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
რეგლამენტი არ ვრცელდება იმ ნივთიერებებზე ან ნარევებზე, რომლებიც განკუთვნილია ენდოგენურად მისაღებად, ინჰალაციის, ინექციის ან ადამიანის სხეულში იმპლანტაციისათვის.
ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ეკონომიკური ოპერატორების როლი და ვალდებულებები, მათ შორის, მწარმოებლის, იმპორტიორის, დისტრიბუტორის და ხელშეკრულებით განსაზღვრული „პასუხისმგებელი პირის“.
ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ბაზარზე განთავსებამდე და განთავსების შემდეგ ადმინისტრირების საკითხები და მასზე პასუხისმგებელი უწყებები. ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება საჭიროებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში ცვლილების შეტანას,“- აღნიშნულია მთავრობის გეგმაში.