ახალი ამბები

სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობა 635 769 ადამიანმა აიღო

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, სექტემბერში საარსებო შემწეობა საქართველოს 635 769 სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ აიღო.

აღსანიშნავია, რომ ერთ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 14 706 ადამიანით შემცირდა.

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მკვეთრი ზრდა ფიქსირდება 2014 წლის სექტემბერთან შედარებით, კერძოდ, ბოლო 10 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 207 281 ადამიანით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვრიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკაში საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მონაწილეების შესახებ გაჩნდა ჩანაწერი. ამ მონაცემების მიხედვით, გასულ თვეში 44 298 იყო იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც პროგრამაში ჩართვიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობა 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე ბიუჯეტიდან ჯამში 66 228 262 ლარი დაიხარჯა.

შეგახსენებთ, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. მარტში შემწეობას 676 641 ადამიანი იღებდა.