2024 წლიდან, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში კარიერული მართვის კურსი დაემატება
2024 წლიდან, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში კარიერული მართვის კურსი დაემატება.
როგორც პროფესიული უნარების სააგენტოს კვლევისა და ინკლუზიური განვითარების გუნდის ლიდერმა, გელა ლომიაშვილმა გადაცემა “ბიზნესი რუსთავი 2-ს” განუცხადა, კურსის სწავლება ამჟამად რეგიონებში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს.
მომავალი წლიდან კი, ქვეყნის მასშტაბით არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსის დამატება იგეგმება.
მისივე განმარტებით, კარიერული მართვის საგანმანათლებლო კურსი სტანდარტიზებული კურსია, რომელიც 3 თვეს მოიცავს და მისი მიზანი, ფორმალური განათლების საფეხურზე კარიერის მართვის სერვისების განვითარების უზრუნველყოფაა. აღნიშნული კურსი, კურსდამთავრებულს იმ უნარებს განუვითარებს, რომელიც სამსახურის პოვნასა და მომავალი კარიერის დაგეგმვაში დაეხმარება.
“კარიერის მართვის ახალი სტრატეგია განათლების სამინისტრომ, პროფესიული განათლების სააგენტოსთან ერთად, ევროკავშრის მხარდაჭერით შეიმუშავა. კარიერული განათლება კი პროფესიული განათლების კანონში ერთადერთი სერვისია, რომელიც ცალსახადაა გამოყოფილი, რადგან აღნიშნული სერვისი ადამიანის შრომითი უნარების განვითარებასა და მთლიანად, დასაქმებაზე დადებითად აისახება. შესაბამისად, ევროკავშირის პროგრამები, ძირითადად კარიერულ განვითარებაზეა მიმართული,“-აცხადებს ლომიაშვილი
როგორც პროფესიული უნარების სააგენტოს კვლევისა და ინკლუზიური განვითარების გუნდის ლიდერმა განაცხადა, კარიერული განვითარების მიმართულებით, რამდენიმე პროგრამაზე აქტიურად მუშაობენ. მათ შორის სკოლებშიც, განათლების სამინისტროსთან ერთად, სადაც მოსწავლეებს სხვადასხვა პროფესიებს აცნობენ.
აღსანიშნავია, რომ პილოტირების მეორე ციკლი უკვე დასრულებულია და ახლა უკვე განმავითარებელი აქტივობები იგეგმება.