პაველ ჰერჩინსკი – საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ხელს ნამდვილად არ უწყობს
ჯერ კიდევ სხვადასხვაგვარი სიგნალები მოდის საქართველოდან. მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ნომერ პირველი პრიორიტეტის შესრულებას, კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ, რაც ხელს არ უწყობს ნომერ მეორე პრიორიტეტის შესრულებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„ჩვენ ველოდებით საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს. ეს იქნება ევროკომისიის მიერ წარდგენილი დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში. ანგარიში იქნება 35-თავიანი, სადაც ახსნილი იქნება, სად არის პროგრესი მიღწეული და ასევე წარმოადგენს იმასაც, თუ სად უნდა მიაღწიოს საქართველომ უფრო მეტ პროგრესს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს წინსვლის შესახებ. ეს ანგარიში იქნება საფუძველი ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს განხილვისთვის, რომელიც წლის ბოლოს, დეკემბერში გაიმართება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, რომლებიც ერთსულოვნად გადაწყვეტენ თუკი და რა ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო, როცა საქმე ეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას“, – აღნიშნა ელჩმა.
მისივე თქმით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოში არაერთგვაროვანი სურათი არსებობს.
„ერთ წელზე მეტია აქ ვიმყოფები. ძალიან ყურადღებით ვუსმენ, რას ამბობენ სხვადასხვა პოლიტიკოსები. ზოგიერთი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველომ, პრაქტიკულად, ყველაფერი შეასრულა, ზოგიერთი ახადებს, რომ საქართველოს, პრაქტიკულად არცერთი რეკომენდაცია არ შეუსრულებია. თუკი ჩემი აზრი გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ სურათი არის შერეული. ერთი მხრივ, ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ დაჩქარებას, მეორე მხრივ, ჯერ კიდევ სხვადასხვაგვარი სიგნალები მოდის საქართველოდან. მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ნომერ პირველი პრიორიტეტის შესრულებას, კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ, რაც ხელს არ უწყობს ნომერ მეორე პრიორიტეტის შესრულებას.
ასევე ჯერ კიდევ ხორციელდება ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ასე რომ, გადაწყვეტილება 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა უნდა მიიღონ. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ დეკემბერში ვიზეიმებთ და გზავნილები, რომელიც გუშინ პრემიერ-მინისტრმა მიიღო ესპანეთში ევროპელი ლიდერებისგან გულწრფელია და ჩვენ ყველა ვიზეიმებთ დეკემბერში“, – აღნიშნა ელჩმა.