ახალი ამბები

მოსწავლეთა მშობლები სკოლებში კვების საკითხების მოწესრიგებას ითხოვენ

მშობლები სკოლებში ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობას აპროტესტებენ და სასკოლო კვების პროგრამის დანერგვას ითხოვენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ავრცელებს.ორგანიზაციის განმარტებით, განათლების სამინისტროში შესატანად ამჟამად ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. პეტიციაზე ხელის მოწერა შესაძლებელი ბმულზე.

„დაუყოვნებლივ შეწყდეს ბუფეტებში ჯანმრთელობისთვის მავნე საკვებით ვაჭრობა და დაინერგოს სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამა“ – პეტიცია, რომელსაც უკვე 7000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ გამოაქვეყნა.

პეტიციის საფუძველი ის გახდა, რომ გაკვეთილებს უმეტესად მშიერი ბავშვები ესწრებიან, რაც მოსწავლეების სწავლის ხარისხს ამცირებს, ჯანმრთელობას და განვითარებას კი საფრთხეს უქმნის. გარდა იმისა, რომ სკოლებში კვების პროგრამა არ არსებობს, არ არის გამოყოფილი კვების დრო და ჰიგიენური სივრცე, სადაც ბავშვები სახლიდან წაღებული საკვების მიღებას შეძლებენ.

ბევრ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა შვილს სახლიდან გაატანოს საკვები, რაც ზრდის ბავშვებს შორის უთანასწორობას. ბევრ სკოლაში არ არსებობს ბუფეტი. სადაც ბუფეტი ფუნქციონირებს, ეს იმის ხარჯზე, რომ სკოლის სივრცე ნაქირავები აქვს კერძო პირს და ბუფეტის ნაცვლად იქ გახსნილი აქვს მაღაზია, სადაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობს. ე.წ ბუფეტში იყიდება გაზიანი სასმელები, მდარე, საეჭვო ხარისხის ტკბილეული და ცომეული“ – ნათქვამია პეტიციის აღწერაში.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი პროდუქტებით სკოლაში ვაჭრობა ეწინააღმდეგება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N410 ბრძანებას, სკოლის ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფს რეგულაციის დაცვას.

სწორედ ამიტომ მშობლები განათლების სამინისტროს, პარლამენტის განათლების კომიტეტს, სახალხო დამცველს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართავენ.

„პეტიციაზე ხელისმომწერები მოითხოვენ: იმ სკოლებში, სადაც მოქმედებს ბუფეტი, დაუყოვნებლივ შეწყდეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი საკვებით ვაჭრობა; სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულარულად შემოწმდეს ბუფეტებში გასაყიდი პროდუქციის შემადგენლობა და ხარისხი;

განათლების სამინისტრომ დაჩქარებული წესით დანერგოს ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა. მუშაობის პროცესი გახადოს გამჭვირვალე და ჩაგვაყენოს საქმის კურსში, რას აპირებს სახელმწიფო ამ მიმართულებით;

სასკოლო კვება მთელ მსოფლიოში განიხილება არა როგორც პრივილეგია, არამედ როგორც მოსწავლეთა უფლება, რომელიც ბავშვის საკვებ რაციონსა და ჯანმრთელობას აუმჯობესებს, ამაღლებს აკადემიურ მოსწრებას და სკოლას აქცევს მოსწავლეებისთვის უფრო მიმზიდველ ადგილად. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ 2021 წელს მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის „საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროება და პერსპექტივები“ მიხედვით, ქვეყნების უმრავლესობა მნიშვნელოვან სახსრებს გამოყოფენ მოსწავლის კვების დაფინანსებისთვის. ეს დანახარჯი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიხედვით 42$-დან 242 $-ის ფარგლებში მერყეობს. საქართველოს მსგავსი შემოსავლების ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, სასკოლო კვების ღირებულება ერთ მოსწავლეზე მთელი წლის განმავლობაში სულ მცირე 140 ლარს შეადგენს“-აცხადებენ ორგანიზაციაში.