ახალი ამბები

სოფელ ფშაველში მოსიაშვილების ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრები მოსიაშვილების 9 სულიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებას განიცდის.

სახლი, სადაც ოჯახი მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ნგრევის პირას არის, შენობას არ აქვს ფანჯრები და შესაბამისად, იქ საცხოვრებელი პირობები არ არის.

ოჯახის ერთ-ერთი წევრი, მარიამ მოსიაშვილი აცხადებს, რომ მძიმე სოციალური პირობების გამო ნორმალურ ცხოვრებას ვერ ახერხებენ. მათი თქმით, ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო სოციალური დახმარებაა, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ოჯახის წევრებს წამლებში არ ყოფნით.
ის დახმარებას შესაბამის სამსახურებს და საზოგადოებას სთხოვს.

,,ვცხოვრობთ სოფელ ფშაველში ოჯახის 9 წევრი უმძიმესმდგომარეობაში ვართ. ჯანმრთელობას რაც შეეხება, მამა ჩაწოლილია, ფეხებზე აქვს პრობლემა, ძმა 16 წლისაა, ის პირველი ჯგუფის შშმ პირია, ჩემს დას ენაზე აქვს პრობლემა, ვერ საუბრობს და მუდმივად ექიმის მეთვალყურეობა და მკურნალობა სჭირდება.


რაც შეეხება სახლს, შენობას არ აქვს ყველა ფანჯარა, არის გასარემონტებელი და გვიწევს საშინელ პირობებში ცხოვრება, კედლები გაბზარულია და საშიშია იქ ყოფნა’’,-
განუცხადა knews.ge-ს მარიამ მოსიაშვილმა.

მარიამი ამბობს, რომ ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა, რომელიც მცირეწლოვნების მიხედვასა და წამლებში იხარჯება. ის ამბობს, რომ ოჯახს კვებიდან დაწყებული თითქმის ყველაფრის საჭიროება აქვს, ეს იქნება წამლები, ავეჯი თუ ტანსაცმელი.

,,ბევრჯერ მივმართე დახმარების თხოვნით შესაბამის სამსახურებს, მაგრამ უშედეგოდ. გარდა ამისა, მარტოხელა დედობის საბუთი მაქვს. ოჯახში არავინ მუშაობს დედა მამას და ძმას უვლის, მეც პატარა მყავს და ვერ ვმუშაობ’’,– აცხადებს მარიამი.

მარიამი ასევე მისი მცირეწლოვანი დის ჯანმრთელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ 2 წლის ლიკას მკურნალობისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება.

,,ჩემს მცირეწლოვან დას ენაზე და გულზე აქვს პრობლემა. აუცილებელია გამოკვლევები და ოპერაცია. ახლა დაგეგმილია ოპერაცია ჟვანიას კლინიკაში, რომელიც 2700 ლარი ჯდება. არანაირი საშუალება არ გვაქვს, რომ თელავიდან თბილისში გადავიყვანოთ და ვუმკურნალოთ. ამ დროისთვის შეგროვილი მაქვს 350 ლარი. ყველას ვთხოვ დახმარებას, რომ ჩემი და გადავარჩინო’’,- აცხადებს მარი.

ოჯახის დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა დარიცხონ შემდეგ ანგარიშზე:
GE42BG0000000345897398
GE22TB7154645068100037
ან დარეკონ ნომერზე:
574203798