გურჯაანის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება-გურჯაანის მერობის კანდიდატი ამომრჩევლებს
მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს, ვინც გუშინ არჩევნებზე მოვიდა და მხარი დამიჭირა”,- წერს სოციალურ ქსელში გურჯაანის მერობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან” გიორგი მაჭავარიანი.
,,საარჩევნო უბნებზე საკმაოდ მაღალი აქტივობა იყო, რაც, თავისთავად, მმართველი გუნდის უპირატესობაზე მეტყველებს და ხაზს უსვამს იმას, რომ პარტია „ქართული ოცნება“ გამარჯვებას ნებისმიერ შემთხვევაში მოიპოვებს. დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას, პირობას ვდებ, რომ მუდმივი კომუნიკაცია მექნება მოქალაქეებთან და ყველა საკითხი, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოვისმინე, ეტაპობრივად აუცილებლად გადაიჭრება.
ჩემს ამომრჩეველს ვპირდები, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რაც თითოეულ მოქალაქეზე აისახება”,- წერს გიორგი მაჭავარიანი.
ის გურჯაანის მერობის ერთადერთი კანდიდატი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გურჯაანში, მერის რიგგარეშე არჩევნებში ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა 17 430 ხმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მე-12 ოლქში არჩევნები ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა. 36 საარჩევნო უბნიდან, 28-ში ელექტრონული წესით გაიმართა არჩევნები, 8 საარჩევნო უბანზე კი ძველი წესით.