სახელმწიფო დაზარალებულ მევენახეებს დაზიანებულ 1 ჰექტარზე დახმარების სახით 3 500 ლარს გამოუყოფს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დაზარალებულ მევენახეებს დაზიანებულ 1 ჰექტარზე 3 500 ლარს დახმარების სახით გამოუყოფს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს 20 მლნ ლარის ღირებულების დაზიანებული, დასეტყვილი ყურძენი უკვე ჩაბარებული გვაქვს,
„ახლა კახეთის რეგიონში ძალიან წარმატებულად რთველი მიმდინარეობს. ჩვენ მაქსიმალურად ჩვენს ხალხს ვეხმარებით. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ მევენახეს დაესეტყვა ათასობით ჰექტარი ვენახი, მათი მოსავალი განადგურდა. ჩვენ ვთქვით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დაზიანებულ ყურძენს ჩავიბარებთ და ჩავიბარეთ კიდევაც, პროცესი უკვე დაწყებულია. 20 მლნ ლარის ღირებულების დაზიანებული, დასეტყვილი ყურძენი უკვე ჩაბარებული გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან მათ ზიანი მიადგათ გადავწყვიტეთ, რომ როგორც 2 წლის წინ გავაკეთეთ ახლაც გვინდა დავეხმაროთ დაზარალებულ მევენახეებს და დაზიანებულ 1 ჰექტარზე 3 500 ლარი გამოვყოთ დახმარების სახით. ვფიქრობ, ეს დაეხმარება მათ, რომ გამოიყენონ მიზნობრივად ამ დაზიანებული ვენახის გადარჩენაში და შემდეგ აღდგენაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.