პრემიერ-მინისტრი თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა
რთველი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. მოსავლის აღება და, ზოგადად, ყურძნის ჩაბარების პროცესი ძალიან კარგად არის ორგანიზებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით უკვე ჩაბარებული არის, გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით 200 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა.
„მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს დავათვალიერე და გავეცანი შტაბის მუშაობას. რთველი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. მოსავლის აღება და, ზოგადად, ყურძნის ჩაბარების პროცესი ძალიან კარგად არის ორგანიზებული. შტაბი ძალიან ეფექტურად მუშაობს. დღეის მდგომარეობით, უკვე ჩაბარებული არის, გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით 200 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა უკვე.
ასევე მინდა გითხრათ, რომ 300-მდე კომპანია არის ჩართული ამ პროცესში, ჯამში 450 კომპანიაა ქვეყანაში, მაგრამ აქედან 300 კომპანია არის ჩართული. მინდა გითხრათ, რომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი შტაბის მუშაობით. ისინი ლაივრეჟიმით აკონტროლებენ ყველა ქარხნის მუშაობას, მიღების პროცესს, დაწყებული მიღებიდან, ჩაბარების, მთელ პროცესს აკვირდებიან და აკონტროლებენ. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას, მის გუნდს, შტაბს მთლიანად, ყველას, ვინც ამ პროცესში არის ჩართული.
ბოლო წლებში, იცით, ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად დაეხმარა და ეხმარება მევენახეებს. მევენახეობა არის სტრატეგიული დარგი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის. ჩვენ ღვინის ქვეყანა ვართ, ღვინის სამშობლო ვართ, ასე რომ, განსაკუთრებული დამოკიდებულება სწორედ ამიტომაც გვაქვს ჩვენ ამ დარგის მიმართ.
შედარებისთვის მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ 2012 წელს 25 ათასი ჰექტარი იყო ქვეყანაში. დღეს არის 50 ათასი ჰექტარი უკვე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესია ბოლო 10 წელიწადში. ეს არის ჩვენი პროგრამების, დახმარებების შედეგი. ასევე გეტყვით, რომ თუ მაგალითისთვის, 2012 წელს 20 მილიონი ლიტრი ღვინო იყო ექსპორტზე გატანილი, შარშან რეკორდული, 100 მილიონზე მეტი ლიტრი ღვინო გაიყიდა. ჯამურად შარშან 400 მილიონი დოლარის ექსპორტით მიღებული შემოსავალი მიიღო ქვეყანამ. ეს, რა თქმა უნდა, გადანაწილდა ამ ოჯახებში, რეგიონში და არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ სხვა რეგიონებშიც, სადაც არის მეღვინეობა განვითარებული. 450 კომპანიაა, ადრე იყო რამდენიმე ათეული კომპანია, როგორც უკვე მოგახსენეთ და საერთოდ, არავითარი დახმარება არ ეძლეოდათ მევენახეებს და მეღვინეობას, ზოგადად, ამ დარგს.
ასე რომ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგრძელებთ ამ დახმარებებს, იქნება სუბსიდირების სახით თუ სხვა პროგრამების სახით, უამრავი პროგრამაა ასეთი. ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსახლეობა კმაყოფილი იქნება წელს“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბში, შტაბის წევრებისგან რთველის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
რთველის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად 24 აგვისტოს გაიხსნა და რთველის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმით მუშაობს. შტაბი კოორდინაციას უწევს რთველის ორგანიზებულად ჩატარებას. რთველის წინამოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შტაბის წევრების ნაწილი კახეთში აგვისტოს დასაწყისიდან იმყოფებიან.
მისი თქმით, ადგილზე მუდმივად არის შტაბის 20 წევრი; შტაბს ხელმძღვანელობს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა. შტაბის შემადგენლობაში არიან კახეთის მუნიციპალიტეტების კოორდინატორები, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ყურძნის ჩაბარების პროცესს, ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადების მართვას; ასევე შტაბში იმყოფება ტექნიკური პერსონალი რეგისტრაციისა და აღრიცხვის მიმართულებით. ყურძნის აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმდინარეობს.
დღევანდელი მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი, აქედან 68 ათას ტონამდე – რქაწითელი, 92 ათას ტონამდე – საფერავი, 3 ათასი ტონა – კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მოსავალი საწარმოებს 13 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მათი შემოსავალი 170 მლნ ლარს აღწევს.
ამასთან ერთად, სახელმწიფო ღვინის საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანიის” მიერ გადამუშავებულია 19 ათასი ტონა კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი. დაზიანებული ყურძნის რეალიზაციით მევენახეების მიღებული შემოსავალი 17,1 მლნ ლარს აღწევს. რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 450 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო უკვე 300 კომპანია. რთველი სხვადასხვა აქტივობით მიმდინარეობს კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში.