2025 წლიდან საკვებად ვარგისი სურსათი აღარ გადაიყრება
ქვეყანაში საკვებად ვარგისი სურსათის დანაკარგები შემცირდება და ის ხელმისაწვდომი სულ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდება. შეიქმნება სურსათის ბანკებიც.
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი შესაძლებლობას იძლევა, რომ ერთი მხრივ ბიზნესსექტორი ქველმოქმედებაში ჩაერთოს, მეორეს მხრივ კი ის ადამიანები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვევით არიან, საკვებით იყვნენ უზრუნველყოფილნი.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ პარლამენტის წევრმა და აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ხატია წილოსანმა განუცხადა, კანონპროექტი „სურსათის დანაკარგების, მისი ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ სრულად 2025 წლის 1 -ელ იანვრამდე ამოქმედდება.
„ეს ინიციატივა მიმართულია იქითკენ, რომ სურსათის ნარჩენად ქცევის პრევენცია მოხდეს და ადამიანებს მათი გამოყენების შესაძლებლობა გაუჩნდეთ. კანონპროექტი ევროკავშირისა და გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის აქტიური თანამშრომლობით შემუშავდა, ის პარლამენტში უკვე მესამე მოსმენით განვიხილეთ და ოქტომბრის პირველივე კვირაში დამტკიცდება. ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ქვეყნისთვის, რომ ერთი მხრივ ბიზნესსექტორი ქველმოქმედებაში ჩაერთოს, მეორე მხრივ კი ის ადამიანები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვევით არიან, საკვებით მომარაგდნენ. აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალურად დგას საკითხი, სურსათის ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებით. საქართველოც არ არის გამონაკლისი და ძალიან დიდი რაოდენობის სურსათი მიდის ნაგავსაყრელზე. კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ მაგალითად, 2019 წელს, საქართველოში 261 ტონა სურსათი გადაიყარა“, – აღნიშნა ხატია წილოსანმა.
მისივე ინფორმაციით, კანონპროექტი „სურსათის დანაკარგების, მისი ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ მთლიანად ნებაყოფლობითი იქნება და მასში ჩართვას ბიზნესსექტორი საკუთარი სურვილისამებრ შეძლებს.
„გვქონდა შეხვედრები ბიზნესსექტორთან და ამ საკითხის ინიცირების თემა სწორედ მათგან წამოვიდა. შესაბამისად, კერძო სექტორის მხრიდან არის მზაობა, კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით. გარდა საქველმოქმედო მიზნებისა, ბიზნესს ფინანსური ინტერესიც ექნება და ისინი საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ. მათ შორის, შემცირდება მათ მიერ საგადასახადო უწყებისთვის წარსადგენი დეკლარაციისთვის საჭირო თანხა“, – განმარტა ხატია წილოსანმა.
ცნობისთვის, სურსათის დანაკარგები მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური გამოწვევაა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ადამიანის მოხმარებისთვის წარმოებული სურსათის 14% – ანუ დაახლოებით, 400 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტი – არ მიდის მომხმარებლამდე და იკარგება ღირებულებითი ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე. ამავდროულად, მაგალითისთვის, 2019 წელს დაახლოებით 931 მილიონი ტონა სურსათის ნარჩენი დაგროვდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში წარმოებული სურსათის 17% იფლანგება.