ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში, კახეთში უკანონო ნადირობის 12 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ნადირობის 229 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო ნადირობის 12 ფაქტი დაფიქსირდა კახეთში.
„გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 163 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 59 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 5 შემთხვევაში ბრაკონიერებმა აკრძალული სახეობები მოინადირეს, 2 კი, გადამფრენ ფრინველებზე ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობის ფაქტია.
დაფიქსირდა უკანონო საშუალებით, ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობით ნადირობის ფაქტებიც. ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში, ამოღებულია 164 ერთეული ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა.
უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.