შსს-ს ახალი თანამშრომლები ემატება, რომელთა შორის ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორები, დეტექტივები და გამომძიებლები არიან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 685 ახალი თანამშრომელი ემატება, რომელთა შორის არიან პატრულ-ინსპექტორები, ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორები, ასევე დეტექტივები და გამომძიებლები.
ამის შესახებ საუბარია კანონპროექტში „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ამავე კანონპროექტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები იზრდება 40,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 146,0 მლნ ლარის ოდენობით.
კანონპროექტში შსს-ს თანამშრომლების, მათ შორის პატრულ-ინსპექტორების რაოდენობის ზრდის აუცილებლობა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების გაძლიერებით არის დასაბუთებული.
„წარმოდგენილი პროექტით, სამინისტროს რიცხოვნობა იზრდება 685 ერთეულით – საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, იზრდება პატრულ-ინსპექტორების, ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორების, ასევე დეტექტივების და გამომძიებლების რაოდენობა. გარდა ამისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში მართლწესრიგის ინსტიტუტის დანერგვის მიზნით, იზრდება მართლწესრიგის ოფიცრების, გამომძიებლებისა და დეტექტივების რაოდენობა.
შესაბამისად, 20 მლნ ლარი მიიმართება სამინისტროს მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად საშტატო რიცხოვნობის ზრდიდან გამომდინარე, შესაბამისი უნიფორმითა და აღჭურვილობით, ასევე, სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სპეციალური საშუალებების შეძენისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად; დამატებით, 20 მლნ ლარი მიიმართება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სასერვერო ინფრასტრუქტურის განახლებაზე, ასევე, სარეზერვო სასერვერო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა საჭიროების შემთხვევაში სრულად უზრუნველყოს სერვისების უწყვეტობა“,- ნათქვამია კანონპროექტში.
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში კომიტეტების დონეზე განიხილება. ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს დღეს საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი.