ახალი ამბები

გააძვირებს თუ არა ავტოსადგურების რეფორმა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობას

საქართველოს მთავრობა ავტოსადგურების რეფორმის განხორციელებას გეგმავს. 2025 წლის მაისამდე, ქვეყანაში პირველი, მეორე და მესამე კლასის თანამედროვე ტიპის ავტოსადგურები მოეწყობა.

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც, ავტოსადგურები საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად მოწესრიგდება. რეფორმის პირველი ეტაპის მოთხოვნები, რაც სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო ნორმებთან შესაბამისობას მოიცავს, გადამზიდავებმა 2024 წლის თებერვლამდე უნდა დააკმაყოფილონ. ამასთან, რეფორმის ფარგლებში ავტოსადგურები სერტიფიცირებას დაექვემდებარება, რომლის ჩატარების წესსაც საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

კახეთში მცხოვრები მძღოლები ფიქრობენ, რომ ავტოსადგურების რეფორმა მგზავრობის ფასს გააძვირებს, რადგან, კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილება მათთვის დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. მძღოლები ვარაუდობენ, რომ სერვისის დახვეწასთან და გაუმჯობესებასთან ერთად, მოქალაქეებისთვის მგზავრობის ფასი დაახლოებით 10-20%-ის ფარგლებში გაიზრდება.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ სატრანსპორტო კომპანიებს ახალ მოთხოვნებზე მოსარგებად ფინანსები დასჭირდებათ, რისთვისაც კერძო სექტორი ჯერ მზად აარაა. მისივე თქმით, ამ ფონზე, სექტორს სახელმწიფოს მხარდაჭერა დასჭირდება.

,,თუ დაიწყო რეფორმის განხორციელება, ბევრი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოგვიწევს. ჯერ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია რა მოთხოვნები იქნება. როგორც ვიცით უნდა მოხდეს სამარშრუტო მანქანების და ავტოსადგურების გამართვა, ეს კი დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. მძღოლებს მოგვიწევს მგზავრობის გადასახადის გაძვირება, იმიტომ რომ ჩვენც გაგვიძვირდება მანქანების მოვლა და სხვა სერვისების მიღება’’,- განაცხადეს Knews.ge-სთან საუბრისას სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა.

მძღოლებისგან განსხვავებით, დადებითად აფასებენ სიახლეებს და მოსალოდნელ რეფორმას მგზავრები. მათი თქმით, აღნიშნული რეფორმა მოაგვარებს ბევრ პრობლემას, რაც მათ გადაადგილებისას ექმნებათ.

,,ხშირად მძოლები თავისი გადაწყვეტილებით ცვლიან მარშრუტებს, მათ დროს, უნდა გავიდნენ თუ არა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიმართულებით და სხვა. გარდა ამისა, მარშუტკები მოუწესრიგებელია, მძღოლების უმეტესობა არაკვალიფიციური, არ არის სათანადო პირობები დაცული, ზაფხულში არ არის კონდინციონერი და სხვა. ასევე მოუწყობელია ავტოსადგურები, საშინელ მდგომარეობაშია ინფრასტრუქტურა’’,- განაცხადა ლელა ბეგაშვილმა.

როგორც საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს, პირველ რიგში ეს კანონი ბაზარზე მგზავრთა რეგულირების გარეშე გადაყვანას დაარეგულირებს. მძღოლები კი ავტოსადგურებთან კომუნიკაციის გარეშე ვეღარ შეძლებენ მგზავრების თვითნებურ გადაყვანას, რაც ბაზარზე არსებულ რისკებს შეამცირებს და მძღოლებს შორის არასამართლიან კონკურენციას ერთ ჩარჩოში მოაქცევს.

“ამ კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ არარეგისტრირებულმა მძღოლებმა ითანამშრომლონ ავტოსადგურებთან. დღეს რეგისტრირებული და არარეგისტრირებული მძღოლები არასამართლიან პირობებში არიან.

ერთი ნაწილი იხდის გადასახადს, წესებს იცავს, ხოლო მეორე მხარე აბსოლუტურად კანონგარეშე, წესების დარღვევით მოქმედებს. ეს არასწორი და უსამართლოა, ასევე უსაფრთხოების რისკებს ზრდის მგზავრთა გადაყვანის დროს. ეს უნდა აღმოიფხვრას, ეს კანონი კი გვაძლევს ამის საშუალებას”, – აცხადებს საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე.

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით არსებული პრობლემები დროულად მოსაგვარებელია. მათივე ინფორმაციით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 55 210 მიკროავტობუსი და ავტობუსი. აქედან, ინსპექტირებაზე არც ერთხელ არ გამოცხადებულა 36 560, რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის 68.2%.

ასოციაცია თვლის, რომ მაღალი ალბათობით, უმეტეს შემთხვევაში მგზავრები გადაჰყავს ტექნიკურად გაუმართავ ავტოტრანსპორტს. ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტის დავით მესხიშვილის თქმით, ქვეყანაში არსებობს თვითორგანიზებული ავტოსადგურები, საიდანაც მგზავრები ისეთ მძღოლებს გადაყავთ, რომელთაც შესაბამისი მართვის მოწმობაც კი არ აქვთ.

„პირველ რიგში ეს პრობლემა იწყება ავტოსადგურებიდან, რადგან ჩვენ გვაქვს კანონიერი და უკანონო სადგურები. კანონიერის შემთხვევაშიც კი მონიტორინგი არაა საკმარისი, რაც შეეხება უკანონო ავტოსადგურებს, ეს არის თვითორგანიზებული სადგურები, საიდანაც გადიან ე.წ. ხიშნიკი მძღოლები. მსმენია იმის შესახებ რომ ამ მძღოლებს შესაბამისი მართვის მოწმობაც კი არ აქვთ, იმდენად გამოსულია ეს სფერო საერთოდ კონტროლის ჩარჩოებიდან. ბევრი ფაქტია რომ ადამიანებს არ აქვს მართვის მოწმობა და ჩვეულებრივ მოძრაობენ გზებზე, ჯარიმა ერთხელ, ორჯერ, შვიდჯერ, ათჯერ. საბოლოოდ ეს უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რადგან ევროპის ბევრ ქვეყანაში სწორედ ასეა,“– აღნიშნა მესხიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.