საქართველოში საპენსიო სესხი 360 ათას პენსიონერს აქვს აღებული
საქართველოში 360 ათას პენსიონერს და სოც. შემწეობის მიმღებს საპენსიო სესხი აქვს აღებული – ამის შესახებ “ლიბერთი ბანკის” მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშიდან ირკვევა. ეს სხვადასხვა სოციალური დახმარებების მიმღები მოსახლეობის ⅓-ზე მეტია.
მეორე კვარტალში საპენსიო სესხების მთლიანი პორტფელი 18 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 402 მილიონ ლარს მიაღწია. ეს მთლიანად ლიბერთი ბანკის საკრედიტო პორტფელის 2.6 მილიარდი ლარის 15.5%-ია.
ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ერთი საპენსიო სესხის საშუალო ზომა 1,118 ლარია.
ამასთან, მეორე კვარტალის განმავლობაში გაცემული საპენსიო სესხების საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 29.7%-ს შეადგენდა. სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ ამ კრედიტების საშუალო ეფექტური განაკვეთი წინა წელთან შედარებით 5.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
ინფორმაციისთვის, 2022 წლის მაისში “ლიბერთი ბანკმა” სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მომდევნო 7 წლით პენსიების გაცემის უფლება მოიპოვა. ამ სერვისში ბანკი სახელმწიფოსგან წელიწადში 15 მილიონ ლარს, ანუ ჯამში 105 მილიონ ლარს მიიღებს.
მაჩვენებელი მოიცავს როგორც ასაკით პენსიონერთა, ისე სოციალური პენსიების მიმღებთა მაჩვენებელს.