ახალი ამბები

14 ოქტომბერს გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება

მეღვინეობის ქალაქში, ღვინის ფესტივალი წელს უკვე მეხუთედ გაიმართება, რომელიც წარმოადგენს გლეხის მიერ ქვევრში დაყენებულ ღვინოს, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ 300-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადსხვა ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს, ტრადიციულ კერძებთან ერთად.

ფესტივალი 14 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ახტალის პარკში გაიმართება. ფესტივალზე მონაწილეთა რეგისტრაცია შესაძლებელია 20 სექტემბრამდე, მოცემული ბმულის მეშვეობით: https://shorturl.at/xUWXY

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, 2022 წელს სსიპ “ღვინის ეროვნული სააგენტოს” მხარდაჭერით გურჯაანის ღვინის ფესტივალი საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა და პირველად აიღო თავისი გლობალურად აღიარებული ღვინის ჯილდოები საქართველოში. ქართული და საერთაშორისო ღვინის ჟიურის ექსპერტთა ჯგუფმა შეაფასა 500 ქართული ღვინო და დააჯილდოვა რეკორდული რაოდენობის ოქროს მედლებით.

IWSC-ის დირექტორატის გადაწყვეტილებით, ეს გამონაკლისი მეორედ გაკეთდა IWSC-ის კონკურსის ისტორიაში და პირველად ევროპაში, 2022 წლის ზაფხულში მისი წარმატებული ადგილობრივი კონკურსის შემდეგ სამხრეთ აფრიკასა და კონელიანო-ვალდობბიადენში.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023 ღვინის დღეების ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ხორციელდება საქართველოს პარლამენტის წევრის – დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანი, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის – ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა გახლავთ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი საზოგადოებისთვის.