კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს
გასულ ღამეს მოსულმა სტიქიამ კახეთის რეგიონი კიდევ ერთხელ დააზიანა.
ძლიერი სეტყვის და ქარის შედეგად დაზარალდა თელავის, ყვარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები. კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ალადაშვილის განცხადებით, სტიქიამ დააზიანა როგორც სავარგულები, ასევე საცხოვრებელი სახლები. ზარალის დათვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დაეხმარება.
„პრემიერ- მინისტრის დავალებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ აღნიშნული უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაურდება.
ჩვენ კომუნიკაციაში ვართ მოქალაქეებთან და არცერთი მოსახლე არ დარჩება ყურადღების გარეშე“, -განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.
სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ყვარელს მიაყენა. კერძოდ, ქალაქ ყვარელში, გრემში, ენისელში, საბუესა და ჭიკაანში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავების ნაწილი, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ნაწილი, ავტომანქანები. ასევე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაისეტყვა ყველა სოფელში. საავტომობილო გზებზე ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები.
,,ასეთი ამინდი არ მახსოვს, საშინელი სეტყვა და წვიმა იყო, დაგლიჯა ხეები, დააზიანა ხეხილი, გაანადგურა ვენახი და დააზიანა მანქანები. როგორც გარეთ წვიმდა და იყო წყალდიდობა, ისე საცხოვრებელ სახლებში შემოგვდიოდა წყალი. კაკლის ხელა სეტყვა მოდიოდა ნახევარი საათის განმავლობაში”, –აცხადებენ ყვარელში მცხოვრებლები.
მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ჩატარდა გზების გაწმენდის სამუშაოები.
სეტყვამ და ძლიერმა ქარმა, კახეთის კიდევ ერთი მუნიციპალიტეტის- ლაგოდეხის სოფლები დააზარალა. სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულები და ვენახები დაუზიანა. დაზიანებულია, ასევე, გარე განათების ბოძები და ელექტროსადენები.
,,სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულები და ვენახები დაუზიანა. დაზიანებულია, ასევე, გარე განათების ბოძები და ელექტროსადენები. სტიქიის პირველივე წუთებიდან ადგილზე ვიყავით და ვითარებას ვეცნობოდით.
წუხელვე ადგილობრივი ტექნიკის საშუალებით პირველადი სამუშაოები ჩატარდა. დილიდან კი სტიქიის ზონაში მერიის სტიქიის მუდმივმოქმედი კომისიის წევრები მუშაობენ და ზარალს ითვლიან. შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება დახმარების აღმოჩენა”,- აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სტიქიამ ასევე მნიშვნელოვნად დააზარალა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები – ფშაველი, ნაფარეული და ლალისყური. სტიქიამ კახეთის რეგიონი 2 სექტემბერსაც დააზარალა, ძლირემა სეტყვამ, ქარმა და წვიმამ თელავის, ახმეტის, სიღნაღის, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ვენახები და ხეხილის ბაღები 100%-ით გაანადგურა, დააზიანა სახლები, მანქანები და ინფრასტრუქტურა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სეტყვის მიერ დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად 5 ქარხანა იბარებს.
ნახეთ ამავე თემაზე:
2 სექტემბრის სტიქიის შედეგები: