ახალი ამბები

გურჯაანის მერიამ, მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში ტურისტული მანიშნებლების დიზაინის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

გურჯაანის მერიამ მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში, ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის მოსაწყობად, დიზაინის/ესკიზის შერჩევის მიზნით კონკურსი გამოაცხადა.

როგორც მერიაში აცხადებენ, ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის მოსაწყობად შემუშავებული დიზაინის/ესკიზის მთავარი გზავნილი უნდა იყოს „გურჯაანი – მეღვინეობის მუნიციპალიტეტი“ და ესკიზზე გამოსახული უნდა იყოს წარწერა: „გურჯაანი – მეღვინეობის მუნიციპალიტეტი“, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ამასთან ინგლისურ ენაზე შესრულებული წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს ქართულ ენაზე შესრულებულ წარწერას, ხოლო დიზაინს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაციული, კულტურული, ისტორიული, აგრარული და ტურისტული დატვირთვა;

,,შემუშავებული დიზაინი/ესკიზი უნდა შეესაბამებოდეს მათი განთავსების ადგილებზე არსებულ გარემო ფაქტორებს და ურბანულ ქსოვილს; ის ასევე უნდა ითვალისწინებდეს მისი დამზადებისთვის საჭირო მასალების ხელმისაწვდომობას და კონსტრუქცია/ნაგებობის აშენების ფიზიკურ შესაძლებლობას.

მანიშნებლები მუნიციპალიტეტის 6 შემოსასვლელში უნდა დამონტაჟდეს. ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის განთავსების ლოკაციებია: საგარეჯოდან შემოსასვლელი – ერთი ცალი; სიღნაღიდან ორი შემოსასვლელი – ორი ცალი; ლაგოდეხიდან შემოსასვლელი – ერთი ცალი; ყვარლიდან შემოსასვლელი – ერთი ცალი; თელავიდან შემოსასვლელი – ერთი ცალი.

გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება საქონლის – ესკიზის შესყიდვის თაობაზე. მუნიციპალიტეტისათვის გადასაცემი საქონლის – ესკიზის ღირებულება განისაზღვრება კონკურსანტის მიერ შემოთავაზებული ფასის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს წინასწარ ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილი ღირებულებისა – 9676 ლარისა, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა გადასახადისა და ხარჯის ჩათვლით ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: მეწარმე ფიზიკურ პირს – ინდივიდუალური მეწარმე; საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსის გამოცხადების ერთი თვის ვადაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით Megvineobismunicipaliteti@gmail.com უნდა წარმოადგინონ: ინფორმაცია კონკურსის მონაწილის შესახებ და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის დიზაინი ესკიზის/ესკიზების სახით ელექტრონული ფორმით 3D ფორმატში, ასევე მატერიალური სახით A3 ფორმატით;

განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ესკიზში გამოყენებული ფერების, გამოსახულებების, სიმბოლოებისა და გამოსაყენებელი მასალის მნიშვნელობის, ასევე ესკიზის/დიზაინის მთავარ მესიჯთან „გურჯაანი – მეღვინეობის მუნიციპალიტეტი“ შესაბამისობის შესახებ. დიზაინის ესკიზის ფასი; საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი და ელ. ფოსტის მისამართი.

საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოწვეული სპეციალისტებისაგან; კონკურსი ჩატარდება ერთ ეტაპად. უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომლის წარმოდგენილი ესკიზიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს და გამოირჩევა ვიზუალური ეფექტით; უპირატესობად მიიჩნევა აგრეთვე საკონკურსო განაცხადში მითითებულ ღირებულებაზე დაბალი ფასის შემოთავაზება;

გამარჯვებულად მიიჩნევა კონკურსანტი, რომელიც შეირჩევა სამუშაო ჯგუფის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სამუშაო ჯგუფის სრული შემადგენლობის ხმათა ორი მესამედისა. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებული ელ. ფოსტის საშუალებით”,- აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.