DW: კიბოთი დაავადებულთა რიცხვი 50 წლამდე ადამიანებში მკვეთრად გაზრდილია
გასული სამი ათწლეულის განმავლობაში, 50 წლამდე ადამიანთა შორის კიბოს შემთხვევები 1.82 მილიონიდან 3.26 მილიონამდე გაიზარდა.
აღნიშნული 79.1%-იან ზრდას წარმოადგენს.
მკვლევართა აზრით, 14-49 ასაკობრივ კატეგორიაში კიბოს შემთხვევათა მკვეთრად ზრდის მთავარი მიზეზები არასწორი კვება, მოწევა და ალკოჰოლია; თუმცა, მათი აზრით, არსებობს სხვა მიზეზებიც, რომელთა შესახებაც ცნობილი ჯერ არაა.
კვლევაში ფიზიკური არააქტიურობა და სიმსუქნე დამატებით რისკ-ფაქტორებად განიხილება. გარდა ამისა, აღნიშნულია მოსახლეობის ზრდა, რომელიც ასევე შეიძლება ხსნიდეს კიბოს შემთხვევათა მკვეთრ მატებას.
კვლევა, რომელიც კიბოს 29 სხვადასხვა სახეობას აერთიანებს, ჯამში 204 ქვეყნის მონაცემებს ასახავს. იგი ედინბურგის უნივერსიტეტისა (შოტლანდია) და ჭეძიანგის უნივერსიტეტის (ჩინეთი) მედიცინის სკოლის მიერ ჩატარდა. კვლევაში ასევე მონაწილეობდნენ აშშ და შვედეთი.
კვლევა ჟურნალ BMJ Oncology-ში გამოქვეყნდა. გარდა გამოვლენილი შემთხვევების ზრდისა, მასში აღნიშნულია ისიც, რომ 2019 წელს კიბოთი დაღუპულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა, რაც 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით 28%-იანი ზრდაა.
კიბოს ყველაზე სახიფათო ფორმები იყო მკერდის, სასუნთქი გზების, ფილტვის, ნაწლავისა და კუჭის ვარიანტები. ამასთან, ყველაზე მეტად გაიზარდა სასუნთქი გზებისა და პროსტატის კიბოს შემთხვევები. სამაგიეროდ, ყოველწლიურად 2.9%-ით მცირდებოდა ღვიძლის კიბოს გამოვლენის მაჩვენებელი.
მნიშვნელოვანია, რომ 50 წლამდე კატეგორიაში კიბოს შემთხვევათა უდიდესი ნაწილი განვითარებად ქვეყნებში ვლინდება. აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებს ჯანდაცვის უკეთესი სისტემები აქვთ, რაც დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მეტ შანსს იძლევა.
კვლევაში ასევე ნავარაუდევია, რომ 2030 წლისთვის 50 წლამდე ადამიანებში და, განსაკუთრებით, 40-49 ასაკობრივ კატეგორიაში, გლობალურად, კიბოს შემთხვევათა რიცხვი კიდევ 31%-ით გაიზრდება.