მეღვინეებისთვის რთული წელია” – გიორგი სამანიშვილი
2023 წელს სეტყვის გამო მოსავალი რაოდენობრივად ნაკლები იქნება და ეს წელი მეღვინეებისთვის არ იქნება მარტივი, – ამის შესახებ გიორგი სამანიშვილმა, ექსპერტმა მეღვინეობის საკითხში ისაუბრა.
“რთველი ახლა დაიწყო, ძალიან რთული წელი იყო, წვიმიანმა ამინდებმა ბევრი დაავადება გამოიწვია და რისკები გაზარდა, დაზარალდნენ მევენახეები, რომლებიც არ იყვნენ კარგად ეკიპირებული, არ ჰქონდათ საკმარისი ცოდნა, ან უბრალოდ არ გაუმართლათ. არ იქნება წელს საუკეთესო წელი, კარგი ყურძნის შერჩევა რთულია, ძალიან ცოტა ვენახია დარჩენილი, მევენახეებისთვის სამუშაოდ ძალიან რთული იქნება”, – აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ რთველი 2023-ის ფარგლებში, რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირება მოხდება, რაც 1 კგ-ზე 20 თეთრს შეადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სახელმწიფო საწარმო შპს მოსავლის მართვის კომპანია სეტყვით დაზიანებულ 1 კილოგრამ ყურძენში 0,90 ლარს გადაიხდის. ამავე დროს, ფერმერებისთვის როგორც თავად ამბობენ ყურძნის თვითღირებულება გაზრდილია. გაძვირებული მოვლის საშუალებებიდან გამომდინარე თუ 1 ჰექტრის მოვლა სხვა წლებში ჯდებოდა 3 ათას ლარამდე, წელს 4 ათას ლარამდე გაიზარდა.
“სოფლის მეურნეობა ცოტა გათამამებულები ვართ, ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივად ჩავრთოთ საზოგადოება საქმეში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს სოფლის მეურნეობას, მაგრამ უნდა არსებობდეს ზღვარი და უნდა იყოს მევენახეებისთვის მოტივაცია, რომ ისინი უფრო მეტად ჩაერთონ დაზღვევაში. ვიცი მევენახეები, რომლებიც რისკების დათვლისა და თანხობრივი შეფასების შემდეგ არ აზღვევენ მოსავალს. დამცავი ბადეების მოვლა და შეძენა ძალიან ძვირია, ამას მევენახეები კარგად თვლიან, მევენახეობაში რისკები არის, უბრალოდ ეს რისკები უნდა დაიზღვიეს, ჩემი აზრით, სახელმწიფომ ყველაფერი არ უნდა დააზღვიოს და უნდა დაუტოვოს კერძო სექტორს საფიქრალი”, – დასძინა ექსპერტმა.
ამ დროისთვის რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 27 ათასამდე ტონა ყურძენი. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 50-მდე ღვინის საწარმო. გადამუშავებული ყურძნიდან 14 ათას ტონამდე რქაწითელი, 10 ათას ტონამდე საფერავი, 1,1 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. გიორგი სამანიშვილის თქმით, დასეტყვილი ყურძნისგან დამზადდება ის ღვინო, რომელიც შემდეგ სპირტად გამოიხდება.