ღვინის ეროვნული სააგენტო-კახეთში ამ დროისთვის 1050 ტ დასეტყვილი ყურძენია ჩაბარებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 5 სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ გადამუშავებულია 1050 ტონა დაზიანებული ყურძენი.
დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 5 ლოკაციაზე მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თელავი (2 ლოკაცია), სიღნაღი, ყვარელი და გურჯაანი.
2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. წინასწარი მონაცემებით, სეტყვისგან დაზიანებულია 3500 ჰექტარზე მეტი ფართობი.
მევენახეები შპს „მოსავლის მართვის კომპანიას“ დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ. რთველი 2023 წლის ფარგლებში, ჯამში გადამუშავებულია 16 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან, 8 ათას ტონამდე რქაწითელი, 5 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი. ყურძნის მოსავლის გადამუშავების მზადყოფნის მოთხოვნით, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის 220 საწარმო.