ახალი ამბები

ფერმერებს სეტყვისგან დამცავი ბადეების მოწყობის სურვილი აქვთ, თუმცა საკმაოდ ძვირია – რატი კოჭლამაზაშვილი

უნდა გაუმჯობესდეს აგროდაზღვევის პირობები და წახალისდეს ბადეების შეძენა, – ამის შესახებ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი კოჭლამაზაშვილმა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბადეების შეძენა საკმაოდ დიდ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება.

„დღეს დანერგე მომავალში არის კომპონენტი, რომელიც ახალისებს ბადეების შეძენას, მაგრამ ეს არის 10%-იანი თანადაფინანსება, რაც საკმარისი არ არის, ვინაიდან ბადეები საკმაოდ ძვირი ღირს.

1 ჰა-ზე 10 ათასი ლარი ღირს მხოლოდ ბადე, მერე მისი მოწყობისთვის სხვა საშუალებებია საჭირო, ინფრასტრუქტურა, ასევე ყოველწლიურად მოხსნა-აწყობა, რაც საკმაოდ ძვირი გამოდის.

ბადეების მოწყობის კუთხით ფერმერების მხრიდან მზაობა არის, როგორც სურვილის, ისე ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა 10%-იანი თანადაფინანსება ამის საშუალებას არ იძლევა“, – განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო მოქნილი უნდა იყოს, რომ ფერმერებს ხელი შეუწყოს.