ახალი ამბები

სახელმწიფო კენკროვანი კულტურების მწარმოებელ კოოპერატივებს დააფინანსებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სასოფლო-სამეურნო კოოპერატივებს, რომლებსაც ჯამში მინიმუმ 10 ჰექტარზე გაშენებული კენკროვანი ბაღები აქვთ, სახელმწიფო დააფინანსებს.

პროგრამა 1 კოოპერატივზე 70%-მდე თანადაფინანსებას გულისხმობს, რომლის რაოდენობა 250 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

„ვფიქრობ, რომ ეს [დაფინანსება] იქნება მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იმისთვის, რომ შედარებით მცირე და საშუალო ფერმერები კოოპერატივში გაერთიანდნენ. საკმაოდ მაღალი დაფინანსებით მათ მიეცემათ შესაძლებლობა ჰქონდეთ თანამედროვე სტანდარტების მაცივრები, რაც ხელს შეუწყობს პროდუქტის შემდგომ რეალიზაციას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შამუგია აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, ქვეყანაში 2,500 ჰექტარზე გაშენდა მოცვი და სხვა კენკროვანი კულტურები, საიდანაც შემდგომ წლებში 20-25 ათასი ტონა მოსავალია მოსალოდნელი.

„წელს ჩვენ გვქონდა მოცვის ექსპორტის 100%-იანი ზრდა – დაახლოებით 18 მილიონი დოლარის ღირებულების 3 000 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა. ამ ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდგომ ჩვენ გვექნება საკმაოდ დიდი მოსავალი და ეს, რა თქმა უნდა, დასავლეთ საქართველოში ჩვენი ფერმერებისთვის გახდება ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყარო“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებულ სექტორის შეფასებით პუბლიკაციებში, ერთ-ერთი გამოწვევად სწორედ სამაცივრე მეურნეობებისა და კოოპერატივების ნაკლებობა სახელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ბოლო 4 წელიწადში მხოლოდ მოცვის წარმოება 8.5-ჯერ არის გაზრდილი. აქედან მხოლოდ წელს ექსპორტზე გასული პროდუქციის რაოდენობა 2.1-ჯერ გაიზარდა. თუმცა სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება რჩება, რამდენადაც პროდუქციის 90%-ზე მეტი რუსეთში იყიდება.