ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის საიუბილეო სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 5 წლისაა.

საიუბილეო სეზონი ცნობილი მაესტროს, აშშ-ის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ციურიხის ოპერის მუსიკალური დირექტორის ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით გაიხსნა. შვიდი ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებით დაკომპლექტებული ორკესტრი, პარტნიორობას უწევდა გამოჩენილ პიანისტს იეფიმ ბრონფმანს. შესრულდა რობერტ შუმანის და პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოები.

ფესტივალის ჯადოსნურ დღეებს ტრადიციულად კომპანია სილქნეტი წარადგენს.

„წელს წინანდლის ფესტივალის მეხუთე საიუბილეო სეზონია. მოხარული ვარ, რომ ყოველწლიურად ფესტივალი მეტ ცნობადობას იძენს. მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის მუსიკალურ დირექტორს, ჯანანდრეა ნოზედას, ავი შოშანს, მარტინ ენგსტრომს, ვინც ფესტივალის უმაღლეს ხარისხს განაპირობებს. მადლობა მინდა ვუთხრა ფესტივალის მთელ გუნდს. მოგეხსენებათ, ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია პან კავკასიური ორკესტრი, სადაც გაერთიანებული არიან საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინის, ყაზახეთის, თურქმენეთის ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსები. წინანდლის მამულში მათი შეკრება – ერთგვარი სამშვიდობო მესიჯია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის.

მინდა მადლობა გადავუხადო სილქნეტს, ჩვენს თანამოაზრეებს და პარტნიორებს, ვისთან ერთადაც, პირველი დღიდან დავიწყეთ ამ მუსიკალურ პროექტზე მუშაობა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ თეა წულუკიანს – პან კავკასიური ორკესტრის მხარდაჭერისთვის. ნორვეგიის, იტალიის, შვეიცარიის საელჩოებს. ასეთი მხარდაჭერა დიდი სტიმულია ჩვენთვის.“ – განაცხადა წინანდლის ფესტივალის და კომპანია სილქნეტის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

10 სექტემბრის ჩათვლით, მსოფლიოში ცნობილი დირიჟორებისა და შემსრულებლების ვარსკვლავური შემადგენლობა წინანდალის ისტორიულ მამულში მოიყრის თავს. საიუბილეო სეზონზე მაყურებლების წინაშე წარსდგებიან, დირიჟორები: ჯანანდრეა ნოზედა, მანფრედ ჰონეკი, ვახტანგ კახიძე და კრისტოფ კონცი. სოლისტები: იეფიმ ბრონფმანი, ცოტნე ზედგინიძე, ნობუიუკი ცუჯი, ალექსანდრე მალოფეევი, მარკ ბუშკოვი, ზლატომირ ფანგი, ბორის გილტბურგი, ირინა შერაზადიშვილი, ნინო ჟვანია, აუგუსტინ ჰადელიხი, ამიჰაი გროში, გიორგი გიგაშვილი, ჟულიენ კანტანი, მაო ფუჯიტა, მიხაელ ბარენბოიმი, დევიდ გარეტი, ოლგა შეპსი, ლიზა ბათიაშვილი, გოტიე კაპუსონი, ანასტასია აღლაძე, ელენე გოგოძე, ანა გოგოლაძე, თამარ დარასელია, დავით გოგოლაძე, სანდრო ნებიერიძე და 14 წლის ცოტნე ზედგინიძე.

“5 წლის წინ, ჩვენ დავიწყეთ ოცნება, რომ დაარსებულიყო წინანდლის ფესტივალი. ეს ოცნება ძალიან მოკლე დროში რეალობად იქცა. უპირველეს ყოვლისა, ეს წარმატება, გიორგი რამიშვილის და მისი გუნდის წარმოუდგენელი ხელშეწყობის შედეგია. შოკისმომგვრელია მათი ძალისხმევა. უნდა აღინიშნოს, რომ წინანდლის ფესტივალი, ერთადერთია, რომელიც პანდემიის დროსაც კი არ შეჩერებულა.

ფესტივალის იდეას მუსიკალურ სამყაროში უმაღლესი შეფასება აქვს, და პირველ რიგში ამას პან კავკასიური ორკესტრის არსებობა განაპირობებს. წინანდალში მუსიკოსები ჩამოდიან უდიდესი ენთუზიაზმით, მოხალისეობრივად, რაც ადასტურებს იმას, რომ მსოფლიოს სჯერა – მუსიკა საერთაშორისო ენაა! ეს მე ძალიან მაბედნიერებს და თავდაჯერებულობას მმატებს და მჯერა, რომ ბევრი წელი გავაგრძელებთ ასე. ახლახანს ვერბიეს ფესტივალმა 30 წლის იუბილე აღნიშნა. დარწმუნებული ვარ, 25 წლის შემდეგ, წინანდლის ფესტივალიც აღნიშნავს ამ თარიღს” – განაცხადა წინანდლის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ავი შოშანმა.

2 სექტემბერს, ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში, სერგეი რახმანინოვის საიუბილეო მარათონს უმასპინძლებს, რომელიც ცნობილ პიანისტ ლექსო თორაძის ხსოვნას ეძღვნება. ამ პროგრამის ფარგლებში, მაყურებლის წინაშე წარსდგება მსახიობი ნინო კასრაძე, პერფორმანსით, – ჟან კოქტოს პიესიდან „ადამიანის ხმა“. ფესტივალს დახურავს მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი.

ყოველი დღის ბოლოს, ფესტივალის ტრადიციული წარმდგენი, კომპანია სილქნეტი, ქართველი არტისტების საღამოებსაც შეთავაზებს სტუმრებს.