ახალი ამბები

“გეო ნუში” -საგარეჯოში მოყვანილ ბიო ნუშის მოსავალს ქართულ ბაზარზე გაყიდის

“გეო ნუში” წელს პირველად 3 000 ტონამდე ბიო ნუშის მოსავალს მიიღებს და ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს.

ბაღი საგარეჯოში, 50 ჰექტარზეა გაშენებული. აქვს ესპანური ჯიშები – “ავიხორი” და “პენტა”. მოსავალს კი, სექტემბრის მეორე ნახევარში ელოდება.

“რადგან მოსავლის რაოდენობა არ არის იმდენად დიდი, რომ ექსპორტზე ვინმე დავაინტერესო, ამ ეტაპზე ვგეგმავ, რომ ადგილობრივ ბაზარს შევთავაზო. მომავალი წლიდან კი, გერმანიაში, შვეიცარიაში ექსპორტზე გატანას ვგეგმავ. ორ დისტრიბუტორთან უკვე ვთანამშრომლობ. რაც შეეხება ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას, არსებობს ბიო მაღაზია, რომელთანაც “კავკასეტმა” დამაკავშირა. ჯერ მხოლოდ ამ მაღაზიასთან მაქვს კავშირი, შემდეგ ვნახოთ, როდესაც ნუში გაირჩევა, რა რაოდენობის იქნება, შეიძლება სხვა მაღაზიებსაც შევთავაზო”, – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა თორნიკე მჭედლიშვილმა.

მისი განმარტებით, ბაზარზე ბიო პროდუქტის ფასი გაცილებით მაღალია.

“ბიო პროდუქტი დაახლოებით 50-60%-ით ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი. ფერმერის ჩასაბარებელი ფასი, ჩვეულებრივი ნუშის შემთხვევაში, სადღაც 15-16 ლარია, ბიო ნუში კი, ალბათ 22-24 ლარი ეღირება”,-აცხადებს თორნიკე მჭედლიშვილი.

თორნიკე მჭედლიშვილი სამომავლოდ ბიო მეურნეობის გაფართოებას გეგმავს.

“მაქვს დამატებით 10 ჰექტარი მიწა და იქაც ბიო მეურნეობის გაკეთებას ვგეგმავ, მაგრამ ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი იქნება ეს ნუში, თუ სხვა ხეხილი. პატარა ნაკვეთზე ბიო ვენახის გაშენებასაც ვგეგმავ”, – ამბობს თორნიკე მჭედლიშვილი.