გაიცანით ნიკა გოგოლაძე ლაგოდეხიდან -67 წლის მარტოხელა თენგო პაპას ერთადერთი იმედი
ლაგოდეხში მცხოვრები ახალგაზრდა ნიკა გოგოლაძე მუნიციპალიტეტში, მოხუცი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასახმარებლად სხვადასხვა სახის აქტივობებს ახორციელებს.
ახალგაზრდა ოჯახების დასახმარებლად ფულის შეგროვების კამპანიას ახორციელებს და მოქალაქეებს საზოგადოების დახმარებით შექმნილი პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.
ბევრ ადამიანთან და ოჯახთან ერთად, ნიკა გოგოლაძე სოფელ კავშირში მცხოვრებ მოხუცს, 67 წლის თენგო პაპას ყოველდღიურად ეხმარება. მან მეგობრების და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების და ადგილობრივი ბიზნესის დახმარებით თენგო პაპას დაბადების დღეც გადაუხადა, რომელსაც მისი საყვარელი ადამიანები ესწრებოდნენ.
,,თენგო პაპა ცხოვრობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კავშირში. მისი პატრონი ჩემს მეტი არავინ არ არის. პაპას აქვს ფსიქიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები. ერთხელ სულ შემთხვევით პირადობის დახმარებით აღმოვაჩინე, რომ აგვისტოს თვეში ქონდა დაბადების დღე. წარმოიდგინეთ 67 წლის ასაკში არავის გახსენებია თენგო პაპა, რომელსაც აქვს ასევე ბევრი სურვილი, მასაც უნდა საუბარი, მასაც უნდა დაბადების დღის ტორტი და ა.შ. მის გასახარებლად დავიწყე სოციალური აქტივობა ჩემს არაჩვეულებრივ მეგობრებთან და ახალგაზრებთან ერთად, რომლებიც ჩემთან ერთად დადიან შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად”,- აცხადებს ნიკა.
ნიკა ასევე იხსენებს, რომ თენგო პაპას გასახარებლად ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომლის შემდეგაც მისი გახარების და დახმარების სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა.
,,ჩემს გარშემო ამდენი სიკეთეების შემდეგ ხალხია შემოკრებილი და ერთიანი ძალებით შევძელით გაერთიანება. პაპას სურვილი იყო, რომ ცხელი ხინკალი და მწვადი ეჭამა, ყოფილიყო ისეთ გარემოში, სადაც ვიღაცა იზრუნებდა მასზე, იქნებოდა სიმღერები და დროს კარგად გაატარებდა.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დამირეკეს რესტორან წისქვილიდან. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ პაპას უმასპინძლებდნენ. პირველი საჩუქარი და სოციალური პასუხისმგებლობა მათ გამოიჩინეს”,- აცხადებს ნიკა გოგოლაძე.
ახალგაზრდა ასევე განმარტავს, რომ როდესაც თენგო პაპას მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ გაიგო, მის გასაცნობად ადგილზე მივიდა.
ნიკა იხსენებს, რომ მარტოხელა პაპას სახლში არაფერი ჰქონდა და გადაადგილებასაც კი ვერ ახერხებდა. სწორედ მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა სახის კამპანია განახორციელა, რაშიც ბევრი ადამიანი ჩაერთო.
,,თენგო პაპა 2 წლის უკან აღმოვაჩინე უმძიმეს პირობებში იყო. ყველანაირად შევეცადეთ მისი მდგომარეობა გაგვეუმჯობესებინა. ვცდილობ მასთან ყოველდღე მოვიდე. ბევრ რამეზე ვთქვი უარი, მათ შორის სამსახურზე თბილისში. მეგობრები მეუბნებიან, რომ პირადი ცხოვრება არ გაგაჩნიაო.ამაყი ვარ რომ ამ საქმეს ვაკეთებ. ასევე მეგობრების დახმარებით შევუძინე მაცივარი, რომ ცხელი დღეები გრილად გაატაროს. ასევე მისი სახლი შევარემონტეთ.”
გარდა ამისა, ახალგაზრდა ლაგოდეხში სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად კამპანიებს ახორციელებს, ყიდის წიგნებს, ხელნაკეთ ნივთებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება.