მინისტრი რთველზე: სუბსიდია ჯერ კიდევ საჭირო და მნიშვნელოვანია დარგისთვის
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, წელს რთველის სუბსიდიის საერთო ბიუჯეტი 50 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
მისი განმარტებით, სუბსიდია ჯერ კიდევ საჭირო და მნიშვნელოვანია დარგისთვის.
„მთავრობამ მიიღო „2023 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულება. ჩვენ ყველა მოსამზადებელი პროცესი გავლილი გვაქვს და თვის ბოლოს, 25 ან 26 აგვისტოს, გაიხსნება შტაბი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. პროცესში ჩართული იქნება მუნიციპალიტეტების ყველა შესაბამისი სამსახურები.
ვფიქრობთ, რომ სუბსიდია ჯერ კიდევ საჭირო და მნიშვნელოვანია დარგისთვის, თუმცა წელს, ეს არის გაცილებით ნაკლები ოდენობის თანხა, ვიდრე იყო თუნდაც შარშან და გასულ წლებში, როდესაც სუბსიდია 1 კგ-ზე 35 თეთრს შეადგენდა. შემცირების საშუალება მოგვცა სწორედ იმ გატარებულმა პოლიტიკამ, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის.
წელს სუბსიდიის საერთო ბიუჯეტი განსაზღვრულია 50 მილიონის ოდენობით. ვფიქრობთ, რომ წლევანდელი მოსავალი შედარებით ნაკლები იქნება ვიდრე შარშან, ვინაიდან კლიმატურმა პირობებმა გავლენა იქონია ყურძნის რაოდენობასა და ხარისხზე.
რაც შეეხება ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორი ვერ ჩაიბარებს, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო საწარმო მიიღებს და გადაამუშავებს. ყველანაირად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მევენახეებს არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
ინფორმაციისთვის, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ. ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრისა. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1კგ. რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისათვის 20 თეთრს.