ახალი ამბები

საუდის არაბეთმა საქართველოსთვის ვიზის მიღება გაამარტივა

საუდის არაბეთმა ელექტრონული ვიზების (e-visa) გაცემა კიდევ 8 ქვეყანაში დაიწყო, რომელთა შორის საქართველოც მოხვდა.

არაბულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამარტივებული პროცედურა ეხება ისეთი ტიპის მოგზაურობებს, რომელთა მიზანია:
ტურიზმი;
ბიზნეს ვიზიტი;
ოჯახის წევრებისა და მეგობრების მონახულება;
რელიგიურ დღესასწაულ Umrah-ზე დასწრება.
ელექტრონული 90 დღიანი ვიზა მოქმედი იქნება მთელი წლის განმავლობაში და ქვეყანაში რამდენჯერმე შესვლის უფლებას იძლევა. ინფორმაციას „ბიზნეს ფორმულას“ საუდის არაბეთის სამეფოს საელჩო უდასტურებს.

„4 კატეგორიისთვის, რომელსაც ეხება გამარტივებული პროცედურა, ელექტრონული ვიზა შესაძლებელია გაკეთდეს visitsaud.com-ზე ან ადგილზე, საუდის არაბეთში ჩასვლის დროს. Visitsaud.com-ზე ეროვნების მითითების შემთხვევაში აჩვენებს ელექტრონული ვიზის გაცემის პროცედურას, რომელთა შორის სავიზო მოსაკრებლის გადახდაც შედის. საიტზე განაცხადის შეტანის შემდგომ ვიზის გაცემა მომენტალურად ხდება“, – აღნიშნავენ საუდის არაბეთის საელჩოში.

ვიზის მოსაკრებელი ადგილზე ჩასვლის შემთხვევაში რჩება იგივე – $80, რასაც ემატება ჯანმრთელობის დაზღვევის საფასური – $48. ელექტრონული ვიზის წინასწარ აღების შემთხვევაში ეს ორი გადასახადი გაერთიანებულია და ჯამში $142.45-ს შეადგენს.

საუდის არაბეთის მიერ დამატებულ ქვეყნებს შორის არის ალბანეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, მალდივები და სამხრეთ აფრიკა. ჯამში უკვე 57 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ელექტრონული ვიზის გამოყენება საუდის არაბეთში მოგზაურობისთვის.