სტიქიურ მოვლენებზე მყისიერი რეაგირებისთვის გადავწყვიტეთ შევქმნათ აპლიკაცია-არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი
„აუცილებელია სტიქიურ მოვლენებზე მყისიერი რეაგირება – გადავწყვიტეთ შევქმნათ აპლიკაცია, რომელიც გაამარტივებს საჭირო მოქმედებებს,“ – ამის შესახებ „არსის“ დამფუძნებელი, თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია სტიქიურ მოვლენებზე მყისიერი რეაგირება. ესეთ შემთხვევებში, საათებს კი არ, ზოგჯერ წუთებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ აპლიკაცია, რომელიც დაგვეხმარება და გაამარტივებს საჭირო მოქმედებებს. ამისათვის საჭიროა მაქსიმალური ინფორმაციის შეგროვება. გთხოვთ, ვინც თვლის, რომ ეს გასაკეთებელია, გამოგვეხმაურეთ და დარეგისტრირდით: ვისაც აქვს დრონი,”ოფროუდერები, სამთო მოთხილამურეები, ალპინისტები, მონადირეები,სამთო გამყოლები, ვისაც ყავს გაწვრთნილი სამსახურებრივი ჯიშის ძაღლი, რეზერვის სამხედროები,სპორტსმენები, IT სპეციალისტები, ექიმები, მოხალისეები.
საწყისი მოსაზრებით, ტერიტორია დაიყოფა ზონებად, რათა საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ ტერიტორიაზე სამაშველო ჯგუფი რაც შეიძლება ოპერატიულად მივიდეს. აპლიკაციაში მითითებული იქნება ადგილი და დრო, თუ სად მოხდება შეკრება. ასევე შეტყობინება მიუვა იმ ზონაში დარეგისტრირებულებს.
ეხლა ყველაფრის ჩამოყალიბება ცოტა რთულია. აუცილებელია ბევრი იდეის და რჩევის შეკრება და მერე გაანალიზება. ველოდებით თქვენს მოსაზრებებს. მომდევნო ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით. ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს,“- წერს როსტომაშვილი.