ოთარ შამუგია- ადრეული გაფრთხილების სისტემები ძალიან მალე დაინერგება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, წლის ბოლომდე დასრულდება რუკების შემუშავება, რომლებიც საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე დეტალური ინფორმაციის შემცველი იქნება.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კი შესაძლებელი იქნება ადრეული გაფრთხილების სისტემების დაყენება ქვეყნის სხვადასხვა კრიტიკულ რეგიონში.
მთავრობის სხდომაზე შამუგიამ განაცხადა, რომ მონიტორინგის ქსელის განვითარება ქვეყანაში 2014 წლიდან დაიწყო, რის შედეგადაც ასობით მეტეოროლოგიური, ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა, ასევე 2 ახალი რადარი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, რომლებიც მეტეოროლოგიურ პროგნოზებს უზრუნველყოფს.
„მზადდება და წელს დასრულდება რუკები, რომლებიც სწორედ ამ საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე მოგვცემს უფრო მეტ, დეტალურ ინფორმაციას. ეს პროცესი არის თანმიმდევრული – მონიტორინგმა, არსებულმა დაკვირვებებმა სპეციალისტებს უნდა მისცეს ანალიზის საშუალება თუ სად არის მიზანშეწონილი ადრეული გაფრთხილების სისტემების დაყენება. სადღაც შეიძლება იყოს ეფექტური, სადღაც არა, დროის და მონაკვეთის სიმცირიდან გამომდინარე“, – ამბობს ოთარ შამუგია.
შამუგია ამბობს, რომ შოვის ხეობა ისეთ კრიტიკულ ზონად არ იყო მიჩნეული, სადაც გამაფრთხილებელი სისტემის დაყენება შეიძლება განხილულიყო. თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, ექსპერტების დასკვნით, ეფექტური ვერ იქნებოდა, პროცესების სწრაფი ტემპებით განვითარების გამო.