200 თანამდროვე მეტეოროლოგიური სადგური დავამონტაჟეთ რისკების პროგნოზირებისთვის – ლევან დავითაშვილი
თავს ვალდებულად ვთვლი, როგორც გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო, თუ რა სამუშაოები ჩატარდა 2018 წლიდან სახელმწიფოს მხრიდან გარემოს დაცვის შესაძლებლობებისა და გაძლიერების კუთხით და რამდენად პირნათელი ვიყავით საზოგადებასთან, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ „პლანეტის მწვანე ფონდთან“ ერთად, სპეციალური პროგრამა დაიწყო, რომელიც საქართველოში გეოლოგიური პროცესების შესწავლას განახორციელებდა და ასევე ქვეყანაში გეოლოგიური საფრთხეების პრევენციის კუთხით სპეციალური სისტემა შეიქმნებოდა.
„მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მსგავსი ტიპის ტრაგედია, რომელიც მოხდა შოვში, გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში და ჩვენ რაც არ უნდა სისტემები გავაკეთოთ, გვაქვს ან გვექნება მომავალში, ამის მიუხედავად შესაძლოა, მოხდეს ტრაგედიები მსოფლიოში და სამწუხაროდ ამისგან დღეს დაზღვეული არავინ არ არის და ასეთი ტიპის ტრაგედიებისგან თავდაცვა ვერ მოვახერხოთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანამ 2018 წლიდან ჩაატარა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელიც უკავშირდებოდა მთლიანად გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას. ამასთან, ყოველწლიურად გამოდის სპეციალური ანგარიში, რომელიც მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა სახელმწიფოსთვის მომავალი პროექტების დაგეგმვისას.
„2014 წლისთვის საქართველოში ჰიდრო-მეტეოროლოგიური სისტემები არ არსებობდა. გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანა საკმაოდ სუსტად იყო. მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში გვქონდა ათეულობით მონიტორინგის სამსახური და ჩვენ დაგვხვდა მთლიანად მოშლილი სისტემა და არცერთი თანამშრომელი არ იყო ამაზე პასუხისმგებელი“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, 2014 წლიდან დღემდე, განხორციელდა 200 თანამედროვე მეტეოროლოგიური სადგურის მონტაჟი. „შევიძინეთ და ქვეყანაში ამ სადგურების მონტაჟი დაიყოო. რაც გვაძლევს საშუალებას, რომ დავაკვირდეთ წყლის მატებას და ასევე ვიცოდეთ წინმსწრებად და ასევე მეტეოროლოგიური სადგურები, რომლებიც ამინდის შესახებ გვაძლევს ინფორმაციას, რისი საშუალებითაც შესაძლებელია განჭვრეტა და გარკვეული პროგნოზების გაკეთება და გვქონდეს ამაზე რეაგირება“, – განაცხადა დავითაშვილმა.