საქართველოს მოქალაქეობა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის 11 048 მოქალაქეს მიენიჭა
2023 წლის 6,5 თვეში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რუსეთის 3 962 მოქალაქემ მიმართა, რომელთაც სურვილი ჰქონდათ, რომ საქართველოს მოქალაქეები გამხდარიყვნენ.
როგორც სამინისტროს მიერ სადეპუტატო შეკითხვის პასუხად მომზადებული მასალიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში დაკმაყოფილდა მხოლოდ 1 263 განაცხადი.
ამ მაჩვენებლებიდან 378 პირს საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მიანიჭა, ხოლო 362 პირს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლებით (ყოფილი მოქალაქე).
521 პირის შემთხვევაში კი გამოყენებული იყო საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება (საქართველოს მოქალაქეა და ამავდროულად მოპოვებული აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა).
ირკვევა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 16 ივლისამდე საქართველოს მოქალაქეობის სურვილი ოფიციალურად რუსეთის 21 054 მოქალაქემ დააფიქსირა, თუმცა მოქალაქეობა 52%-ს ანუ 11 048 ადამიანს მიანიჭა.