2050 წლისთვის საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 0,9-1,9°C-ით მოიმატებს
2050 წლისთვის საქართველოში ჰარის საშუალო ტემპერატურა 0,9-1,9°C-ით, ხოლო 2100 წლისთვის 4,1-,50°C-ით მოიმატებს.
ამის შესახებ ნათქვამია საინფორმაციო პუბლიკაციაში, რომელიც კატასტროფების რისკის შემცირებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკვეთით 2020 წელს არის მომზადებული.
დოკუმენტის თანახმად, გლობალური დათბობის შედეგად, მსოფლიოს ყინულის რეზერვები, რომლებიც წარმოადგენენ სასმელი წყლის მარაგის 70%-ს, უპრეცედენტოდ სწრაფად დნება, რაც თავისთავად ამცირებს სასმელ წყალზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობას და შესაბამისად, განაპირობებს დედამიწის ზედაპირზე ხმელეთის წილის მნიშვნელოვნად შემცირებას.
„საქართველო, თავისი მდებარეობით, რელიეფით, ჰიდროგრაფიული ქსელით და გარემო პირობებით შეიცავს როგორც ბუნებრივი (მიწისძვრა, მეწყრები, ღვარცოფები, გვალვები, ზვავები და წყალდიდობები), ისე ანთროპოგენური კატასროფების საფრთხეებს (სატრანსპორტო და საწარმოო ავარიები).
ამას ემატება ბუნებრივ რესურსებზე მაღალი ანთროპოგენური ზეწოლა, რაც ქმნის ხელსაყრელ პირობებს კატასტროფების პროვოცირებისთვის. ბოლო წლებში გახშირებული სტიქიური მოვლენების მიზეზები უნდა ვეძიოთ აგრეთვე კლიმატის გლობალურ ცვლილებაში.
კვლევებით დასტურდება, რომ კლიმატის ცვლილებას უკვე ადგილი აქვს სამხრეთ კავკასიაში და ის გარკვეულ ნეგატიურ როლს ითამაშებს გარემოსდაცვითი უსაფრთხოების თვალსაზრისით. პროგნოზების თანახმად, კლიმატის ცვლილების შედეგად 2050 წლისთვის საქართველოში ჰაერის ტემპერატურის საშუალო მატება ნავარაუდევია 0,9-1,9°C-ით, ხოლო 2100 წლისთვის 4,1-,50°C-ით.
ამასთან, ნავარაუდევია სითბური ტალღების სიხშირისა და ოდენობის ზრდა, ნალექიანობის რეჟიმის ცვლილება, გაუდაბნოება და მიწის რესურსების შემდგომი დეგრადაცია, ზღვის დონის აწევა და სხვა ექსტრემალური მოვლენების გახშირება, რაც ქმნის კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ღონისძიებების სასწრაფოდ გატარების აუცილებლობას.
ამასთან დადგენილია კლიმატის ცვლილებისადმი ყველაზე მოწყვლადი ადგილები: შავი ზღვის სანაპირო ზოლი – იწევს ზღვის დონე და იზრდება შტორმული მოდინებების სიხშირე და სიმძლავრე. ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამას ემატება მდ. რიონის ადიდებით გამოწვეული პრობლემები; ქვემო სვანეთი, ლენტეხი – ნიადაგის ეროზიის გაძლიერება და სტიქიური მოვლენების (წყალმოვარდნები, მეწყრები, ზვავები, დიდთოვლობა, წყალდიდობა) გახშირება; და დედოფლისწყარო, ალაზნის აუზი – მიმდინარეობს გაუდაბნოების პროცესი“, – აღნიშნულია საინფორმაციო პუბლიკაციაში.