ifact- ცესკოს ელექტრონული სისტემის საზოგადოებისთვის აქტიურად გაცნობა ჯერ არ დაუწყია
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება იმაზეცაა დამოკიდებული, როგორ გავაუმჯობესებთ საარჩევნო სისტემას და უზრუნველყოფს თუ არა ეს სისტემა სამართლიან, დემოკრატიულ არჩევანს.
რას ითხოვს ევროკავშირი ამ ნაწილში? გავითვალისწინოთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ვენეციის კომისიის ის რჩევები, რომელსაც წლებია გვაძლევენ. აი ფაქტის ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული კვლევით, სამი ძირითადი საკითხი, რომელიც უნდა გაეუმჯობესებინა ქვეყანას, ასე გამოიყურება:
,,ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი ყოფილიყო მოლაპარაკებებსა და გამჭვირვალე პროცესზე დაფუძნებული;
მკაცრად გაგვეკონტროლებინა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და აგიტაცია როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ სივრცეში; საარჩევნო სისტემაში დაგვენერგა ახალი ტექნოლოგიები. სპეციალისტებისა და პროცესში ჩართული მხარეების შეფასებით, ამ რეკომენდაციებიდან სრულფასოვნად არცერთი შესრულებულა. მიღებული ცვლილებებით კმაყოფილი არც საერთაშორისო ორგანიზაციები არიან.
აი, რა მდგომარეობაა ახლა:
აქამდე ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტი ასახელებდა. ახლა კი, ყველასთვის მოულოდნელად მმართველი პარტია აპირებს, რომ ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე კანდიდატები პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინოს. ეს ზრდის იმის რისკს, რომ ამ თანამდებობას “ქართული ოცნების” სასურველი კანდიდატი ადვილად დაიკავებს.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევაში გაიზარდა ჯარიმის რაოდენობა. იურისტებისა და პოლიტიკური პარტიების შეფასებით, ეს ცვლილება ქმედითი ვერ იქნება, რადგან ჯარიმის ოდენობის გაზრდა მმართველ პარტიას ვერ შეაჩერებს. არსებული პუნქტებიდან ყველაზე უკეთ შესრულებული ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ნაწილია. 2024 წელს არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება, ანუ ელექტრონულად ჩატარდება ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმების დათვლისა და ოქმის შედგენის პროცედურები. თუმცა, გამოწვევა აქაც თვალსაჩინოა: არ ვიცით, რამდენად მომზადებული იქნებიან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები ამ ცვლილებისთვის და რამდენად კარგად შეძლებს ცესკო ამომრჩევლამდე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიტანას. აქტიური სამუშაოები ამ მიმართულებით ჯერ არ დაწყებულა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ ამ ნაწილშიც ბევრი პრობლემა იჩენს თავს.ც ესკოს ელექტრონული სისტემის საზოგადოებისთვის აქტიურად გაცნობა ჯერ არ დაუწყია. პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ მოქალაქეების სრულყოფილად შესამზადებლად ბევრად მასშტაბური კამპანიაა საჭირო.
ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი ცვლილებები, სათანადოდ შესრულების შემთხვევაში, გააუმჯობესებდა ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობას და საერთო ჯამში, დაეხმარებოდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას”- წერია აიფაქტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.