დღეიდან კლინიკების და ფარმაცევტული კომპანიების შემოწმების გამკაცრებული წესები ამოქმედდა
დღეიდან კლინიკებისა და ფარმაცევტული კომპანიების შემოწმების გამკაცრებული წესები შედის ძალაში.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი კანონმდებლობით, რეგულირების სააგენტოს პაციენტის საჩივარზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა ექნება. კერძოდ, საჩივრის დაფიქსირებისთანავე, რეგულირების სააგენტოს უფლება ექნება გაუფრთხილებლად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს სამედიცინო დაწესებულებასა თუ ფარმაცევტულ საბითუმო სადისტრიბუციო და მწარმოებელ კომპანიებში, თუმცა ამის შესახებ პარალელურ რეჟიმში სასამართლოს უნდა აცნობოს.
გარდა ამისა, განახლებული კანონმდებლობით, მაკონტროლებელს ეძლევა უფლება, სამედიცინო დაწესებულება გეგმიური შემოწმების ფარგლებში წელიწადში 1-ის ნაცვლად 3-ჯერ შეამოწმოს.
ცვლილებებით, რომელიც პარლამენტმა ივლისის დასაწყისში დაამტკიცა, მკაცრდება საჯარიმო სანქციებიც. კერძოდ, ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად 20 000 ლარი გახდა, სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე ექიმის საქმიანობაზე კი ჯარიმა 2 000 ლარია. ამასთან, 4 000 ლარით დაჯარიმდება მაკონტროლებელი ორგანოს ბეჭდის განზრახ დაზიანება.