თამაშის ,,ჯეირანი” პოპულარიზაციისთვის ახალგაზრდებმა კახეთში ფედერაცია შექმნეს
კახეთში თამაშის ,,ჯეირანი” პოპულარიზაციისთვის ფედერაცია შეიქმნა.
ფედერაციის მიზანია ,,ჯეირანის”, როგორც სპორტის სახეობის განვითარება.
ჯეირანის ფედერაციის ერთ-ერთი პრეზიდენტი და მისი დამფუძნებელი, სოფელ ართანის მკვიდრი ლაშა ოდიშელაშვილია. მისი თქმით, აღნიშნული თამაში მის ბავშვობასთან არის დაკავშირებული. ლაშა განმარტავს, რომ ფედერაციის დაფუძნების შემდეგ ჩემპიონატების ჩატარებას გეგმავენ.
„ჯეირანი მოიცავს ყველა ჩვენგანის ყოველდღიურობას, ბავშვობას, მოგონებებს. ეს არის თამაში, რომელიც ერთხელ მაინც ყველას უთამაშია. ქვა, ქაღალდი, მაკრატელი სულ სამ მოქმედებიანი თამაშია, თუმცა ბევრი სახალისო ემოციებისა და შეგრძნებების მოტანა შეუძლია ადამიანებისთვის. პირველად ჩემს მეგობარს ოთო მურველაშვილს გაუჩნდა ჯეირანის ტურნირის ჩატარების იდეა. შემდეგ ერთ საღამოს ბარ “თავსატეხში” სპონტანური, პატარა ტურნირი ჩავატარეთ, რაც ძალიან საინტერესო გამოვიდა. ამის შემდეგ ამ იდეაზე უფრო სერიოზულად დავიწყეთ ფიქრი და საბოლოოდ ფედერაცია დავაფუძნეთ. ფედერაცია რეგულარულად გამართავს ჩემპიონატებს სხვადასხვა ქალაქებში და გამოავლენს ქალაქის ჩემპიონებს. ჩვენი ფედერაციის სტუმრობა რომელიმე ქალაქში არ იქნება მხოლოდ ტურნირი. ეს იქნება ახალგაზრდული ფესტივალი, ცოცხალი მუსიკა, გართობა, სოციალიზაციის შესაძლებლობა. რაღაც სიახლე, ის რაც დღეს საზოგადოებას აკლია როგორც თელავში ისე სხვა ბევრ ქალაქში.“-ამბობს ლაშა.
მისი თქმით, ქალაქების ჩემპიონების გამოვლენის შემდეგ ჩემპიონთა ჩემპიონატი ჩატარდება, სადაც სხვადასხვა ქალაქის ჩემპიონები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ახალგაზრდა ასევე განმარტავს, რომ არსებობს ჯეირანის საერთაშორისო ფედერაციაც და აღნიშნული თამაში ბევრ ქვეყანაში პოპულარულია.
„სამომავლოდ ვფიქრობთ საერთაშორისო ტურნირებშიც შევძლებთ მონაწილეობას. უმეტესობას ეცინება ჯეირანის ფედერაციის გაგონებაზე, თუმცა საერთაშორისო ფედერაცია უკვე დიდი ხანია არსებობს და ბევრ ქვეყანაში ჯეირანი, როგორც სპორტის სახეობა კარგადაა განვითარებული. ეს არის თამაში, რომლის თამაშიც ყველას შეუძლია. არ არის საჭირო წინასწარი მომზადება ან ვარჯიში. გვინდა რომ ჩვენს აქტივობებში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს, მეტი ადამიანი გავაერთიანოთ და ერთად გავერთოთ”,– განაცხადა ოდიშელაშვილმა.
ახალგაზრდა აღნიშნავს, რომ უკვე ჩატარებულ აქტივობებში ბიზნესის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ, რაც მნიშვნელოვანია.
„ასევე, რამდენიმე ადგილობრივი ბიზნესი ჩაერთო ჩვენს აქტივობებში, დაგვიმეგობრდა და ტურნირის გამარჯვებულისთვის კარგი პრიზებიც გამოყო. ამ მხრივ კვლავ ღია ვართ და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს თამამად შეუძლიათ მოგვმართონ. მათი მხარდაჭერა ძალიან გაგვაძლიერებს. ბიზნესის გარდა თელავის მერიაც დაგვიმეგობრდა და 12 აგვისტოს ღონისძიებას ერთობლივად გავმართავთ. ბოლოს კიდევ ერთ პარტნიორზე გეტყვით, რაც ძალიან მახარებს. ადგილობრივი, ახალგაზრდებისგან შემდგარი როკ ჯგუფი “მედიატორიც” გვემეგობრება. ამ მაგარმა ბიჭებმა ჯეირანის ფედერაციის ჰიმნიც დაწერეს და მთელი ტურნირის განმავლობაში პროცესს ცოცხალი მუსიკით გააფორმებენ. 12 აგვისტოს 5 საათიდან, ახალ ბაღში დაიწყება ჯეირანის პირველი ოფიციალური ტურნირი საქართველოში. თამაშს დაიწყებს ყველა მონაწილე წყვილებში. საბოლოოდ კი ფინალში გამოვლინდება გამარჯვებული. მთელი დღის განმავლობაში იქნება ცოცხალი მუსიკა, ტურნირის შემდეგ კი ჰიპ-ჰოპ ლაივი დაიწყება ე.წ. after party-ზე“- ამბობს ლაშა ოდიშელაშვილი.