ქიზიყიდან ლიეტუვამდე-გაიცანით წარმატებული სტუდენტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ბოდბეში მცხოვრები ნინია ნანდოშვილი წარმატებული სტუდენტია.
ახალგაზრდა ამჟამად სასწავლო პროგრამით ლიეტუვაშია წასული, Vytautas Magnus University-ში სწავლობს. მისივე თქმით, მის განვითარებაში წნორის ,,ცოდნის კაფემ” დიდი წვლილი შეიტანა.
,,მაშინ პატარა ვიყავი, წნორის ცენტრში ჩამოვიარე და დიდ ფანჯრებიან შენობაში დავინახე უამრავი ახალგაზრდა, რაღაც შეხვედრა იყო, ოცნებად მქონდა ასეთი შეხვედრები, მას შემდეგ ხშირად ვფიქრობდი, ნეტა დედას როგორ ვუთხრა რომ ამ ადგილას მოვხვდე მეთქი, თავში ჩამებეჭდა ფანჯრებიანი შენობა, შიგნით ახალგაზრდები და ზემოთ დიდი მწვანე ლოგო, მერე “აგრო სკოლამ” შეცვალა ჩემი ცხოვრება, ჩემი და იყო ჩართული, ფაქტობრივად ჩემი და კი არა, მთელი ოჯახი ვიყავით ჩართულები, მიწასთან სიყვარული მასწავლა აგრო სკოლამ, ასე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში “ცოდნის კაფე”
ვცხოვრობ მაღალმთიან სოფელში, ზემო ბოდბეში, ჩვენს სოფელში არ არის განვითარების შესაძლებლობა, ასეთ დროს, “ცოდნის კაფე” იყო ყველაფრის საწყისი, რასაც მივაღწიე,-აცხადებს ახალგაზრდა.
ახალგაზრდა განმარტავს, რომ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებში მიიღო მონაწილეობა, რამაც წარმატება მოუტანა და სწავლაში შეუწყო ხელი.
,,ზოგადად ჩემი ცხოვრება შედგება ორი ნაწილისგან, ერასმუსის პროგრამაში მონაწილობამდე და მას შემდეგ. ჩემი პირველი ერასმუსი არასდროს დამავიწყდება: უნივერსიტეტშიც არ დავდიოდი, პირველად მოვხვდი საერთაშორისო პროგრამაში, სრულიად შემეცვალა მას შემდეგ ცხოვრება, ახლა უკვე ერასმუსის 10-მდე პროგრამაში ვარ ნამყოფი. ზოგს უკვირს, ამდენს როგორ მიაღწიეო, როგორ და ძალიან ბევრ სააპლიკაციოს ვავსებ, ყველა ახალგაზრდას ვურჩევ, არავის დაელოდონ, ჩვენვე შეგვილია ჩავერთოთ, მოვიძიოთ პროგრამები, შევავსოთ აპლიკაცია და აუცილებლად მივაღწევთ ყველაფერს”,- აცხადებს ნინია.
ნინია ამ დროისთვის ლიეტუვაში სწავლობს. როგორც თავად ამბობს, მისი სასწავლო პროგრამა მრავალფეროვანია.
,,არ გეგონოთ რომ ეს ყველაფერი მარტივია, ქართულ საუბარს რომ ვიგებ, ლამის ვტირი ხოლმე, მაგრამ სულ სხვანაირ დამოუკიდებელ ცხოვრებას მივეჩვიე. ახლა თავის თავში დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ წინ ბევრად საინტერესო ცხოვრება მელოდება. უკვე რამდენიმე კვირაა ევროპაში ვცხოვრობ, ევროპის სოფლებში რომ დავდივარ, სულ წესრიგია, სულ უვლიან გარემოს, მთელს ევროპაში უამრავი პარკია, მათ შორის პატარა ქალაქებსა და სოფლებში, ჩვენთან, სოფელში, ერთი პარკიც არაა, სადაც ყოველ საღამოს შევძლებთ რომ შევხვდეთ ერთმანეთს, არადა რაც აქ ვარ, მეტად ვიაზრებ, როგორი მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის პარკები, სოციალიზაციისა და უკეთესი ცხოვრებისთვის. ჩემი სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს მუზეუმებში ვიზიტებსაც, მუზეუმებში რომ დავდივარ, ისე აქვთ მოწყობილი, ტექნოლოგიურად ისეა გამართული, ისეა შექმნილი, შეგიძლია დაისვენო, ითამაშო, “ბავშვებზე ვართ მეტად კონცენტრირებული, ახალგაზრდებმაც რომ დაიწყონ მუზეუმებში სიარული, ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ გამართული იყოსო”. ჩვენს მუზეუმებს რომ ვადარებ, მინდა ჩვენთანაც ასე იყოს, ბევრი რამ მინდა რომ ჩვენს ქვეყანაშიც ისე იყოს როგორც აქ, ევროპაშია. ევროპა ჩემთვის დიდი შესაძლებლობაა ვიყო უკეთესი და მქონდეს მეტი შესაძლებლობა”,- აცხადებს ნინია ნანდოშვილი.